27 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
რუსეთმა ზურაბიშვილის წიგნი საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად აქცია - "ოცნებას" საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულება უხერხულობას არ უქმნის

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ომთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების ჰააგის სასამართლოში წარდგენას, "ქართული ოცნების" ლიდერები ეხმაურებიან.

სამთავრობო გუნდის წევრებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, სადაც ის საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს, ქვეყნისთვის ზიანის მომტანად არ მიაჩნიათ.

ხელისუფლების წევრები კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატს ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ომი წინა ხელისუფლებამ დაიწყო.

მმართველი გუნდის წევრები უხერხულობას ვერ გრძნობენ და აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჰააგაში დოკუმენტებს მიაქცევენ ყურადღებას და არა რომელიმე პირის გამონათქვამებს.

„მე უფრო უხერხულობა შემიქმნა იმან, როდესაც რამდენიმე ტელევიზიაში, მათ შორის, თქვენსაში ჩემს მიმოწერას აჩვენებდნენ, საქმიან მიმოწერას, რომელიც არაფრისგან იყო შექმნილი. ჰააგის სასამართლო მე ვფიქრობ, რომ გამოიყენებს იმ დოკუმენტებს და არა გამონათქვამებს,“ - ამბობს დავით სერგეენკო.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ "ევროპული საქართველოს" მიერ დღეს გასაჯაროებულ დოკუმენტს, რომელიც რუსეთის მიერ ჰააგაში წარდგენილ სარჩელს წარმოადგენს, არ იცნობს, შესაბამისად ის ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე კი 2008 წელს ომის დაწყებაში კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ადანაშაულებს. კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციას აგვისტოს ომზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.

„რა განცხადებებზე საუბრობთ, ქმედებებია წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული და ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას“, თქვენს ტელევიზიას, თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

რუსეთის მიერ ჰააგის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის ციტატებიცაა, „ევროპულმა საქართველომ“ გაასაჯაროვა.

რუსეთს ჰააგის ტრიბუნალში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მოსაზრებები და ციტატები მისივე წიგნიდან აქვს გამოყენებული. 

უმცირესობის თქმით, დოკუმენტი ადასტურებს რამდენად საშიშია ზურაბიშვილის რუსული რიტორიკა ქვეყნისთვის.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები