13 ნოემბერი 2018,   21:07
ვრცლად
გარდაცვლილი პაციენტი სოფელ კალაურში - 38 წლის გიორგი ზარდიაშვილის დედა შვილის სიკვდილში სასწრაფოს ექიმს ადანაშაულებს

სოფელ კალაურში გარდაცვლილი 38 წლის გიორგი ზარდიაშვილის დედა, შვილის სიკვდილში სასწრაფოს ექიმს ადანაშაულებს. მარინა ზარდიაშვილი ყვება, რომ მის შვილს ექიმმა არასწორი დიაგნოზი დაუსვა და საჭიროების მიუხედავად საავადმყოფოში არ გადაიყვანა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა სოფელ კალაურში სასწრაფო პირველად 28 ოქტომბერს დილის 10 საათისთვის გამოიძახეს. პაციენტის გასინჯვის შემდეგ სასწრაფო დახმარების ექიმმა გია ლეკიაშვილმა პაციენტს გამაყუჩებელი გაუკეთა, ოჯახს გაციების საწინააღმდეგო რჩევები მისცა და წავიდა.

გარდაცვლილის მამა იხსენებს, რომ სასწრაფოს წასვლის შემდეგ მის შვილს რამდენიმე საათი ეძინა. საღამოს კი აუტანელი ტკივილების გამო სასწრაფო ისევ გამოიძახეს. პაციენტის კრიტიკული მდგომარეობის გამო ამჯერად გიორგი ზარდიაშვილი გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

გარდაცვლილის მშობლები დარწმუნებულები არიან, მათი შვილი ცოცხალი იქნებოდა სასწრაფო დახმარების ჯგუფს სწორი დიაგნოზი რომ დაესვა და ის საავადმყოფოში დროულად გადაეყვანა. ექიმი გია ლეკიაშვილი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ პაციენტის ჩივილების მიხედვით, კარდიოგრამის გადაღებაც კი არ იყო საჭირო.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

 

 

 

 

დღის ამბები