13 ნოემბერი 2018,   21:04
ვრცლად
გაუჩინარებული საპრეზიდენტო კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი "ქართულმა ოცნებამ" ტელეეკრანებიდან ჩახსნა 

გასული კვირის საჯარო განცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი საჯარო სივრციდან გაუჩინარდა - სად გაქრა პრეზიდენტობის კანდიდატი და რატომ არ მართავს საარჩევნო შეხვედრებს - ამ კითხვის დასასმელად დღეს „კურიერი“ ზურაბიშვილთან სახლში მივიდა, თუმცა არც იქ დახვდა. 

როდიდან ჩაერთვება მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი საკუთარ საარჩევნო კამპანიაში, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი კი ამბობს, რომ კამპანიას პარტია "ქართლი ოცნება" ატარებს.

ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი კამერების წინ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, გასულ კვირას გამოჩნდა, თუმცა მედიის დიდი ინტერესის მიუხედავად, მას ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

„კურიერის“ ინფორმაციით, ტელეეკრანებიდან ზურაბიშვილის ჩამოშორება "ქართლი ოცნების" ტაქტიკური გადაწყვეტილებაა. გია ვოლსკი კი ამბობს, რომ მათი რჩეული კანდიდატი უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება და მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებს. 

პირველ ტურში წარუმატებლობის შემდეგ, პოლიტოლოგები თვლიან, რომ "ქართულმა ოცნებამ" ზურაბიშვილის არაპოპულარული განცხადებებისგან თავი დაიზღვია და კანდიდატი უბრალოდ გადამალა.

სალომე ზურაბიშვილი მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობდა და განცხადებებს წერილობით ავრცელებდა, თუმცა ის დღეს არც რუსთაველის თეატრში მივიდა, სადაც 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წლის თავზე, აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

დღის ამბები