26 აპრილი 2024,   22:01
ვრცლად
"ამ ბავშვს სრულიად უკანონოდ ამყოფებენ პატიმრობაში, ჰყავთ მძევლად"- ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-ს ადვოკატი 

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების გამო დაკავებული არასრულწლოვანის პროცესი გაიმართა. დ.ღ.-ს საქმეზე ექვსი მოწმე დაიკითხა, რომელთაც ადვოკატთა თქმით, ბრალდებულის შესახებ სასამართლოსთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ისინი ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.

საპირისპიროს საუბრობს პროკურორი ბესიკ ქვარცხავა და ამბობს, რომ მოწმეებმა საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრეს, რაც პირდაპირ კავშირშია ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალთან.

„დაიკითხა ექვსი მოწმე. ნაწილი მოწმეებისა იყვნენ არასრულწლოვნები და ასევე ნაწილი მოწმეებისა, კერძოდ, ერთ ერთი მოწმე იყო სრულწლოვანი პირი. აღნიშნულმა მოწმეებმა ისაუბრეს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან.“-ამბობს ქვარცხავა.

ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი აღნიშნულ ფაქტს ბრალდებულის მიმართ ბინძურ კამპანიად მიიჩნევს, რითაც საზოგადოებრივი ღელვის ჩახშობას ცდილობენ.

„საზოგადოებრივი აზრის, ფონის შექმნა თითქოს ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა რაიმე ინფორმაცია დაუმალა, თითქოს ამის გამო ვერ აღსრულდა მართლმსაჯულება, ეს არის დიდი ტყუილი, ეს არის ბინძური კამპანია, რომელიც ამ ბავშვის მიმართ მიმდინარეობს და იმით,რომ საზოგადოებრივი ღელვა გადაეფარათ აი, ეს ჩაიდინეს უკანონობა და ამ ბავშვს სრულიად უკანონოდ ამყოფებენ პატიმრობაში, ჰყავთ მძევლად და დღემდე, წარმოიდგინეთ, მარტო საკანში ზის არასრულწლოვანი,“-აცხადებს ადვოკატი

დღის ამბები