13 ნოემბერი 2018,   21:06
ვრცლად
შსს ურთიერთობს ძველ ბიჭებთან იმისთვის, რომ ხმები მოიძიოს - ბაჩუკი ქარდავა

„სრული ძალოვანი სტრუქტურებია მობილიზებული სამეგრელოში,“ - ეს განცხადება, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლება მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება და ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს, მათ შორის, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების გამოყენებით.

ქარდავა იმედოვნებს, რომ ზეწოლის მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური ამომრჩეველი აქტიური იქნება.

„ლამის კვირაში სამჯერ ჩადის შს მინისტრი და თავის მოადგილე დატოვებული ჰყავს მუდმივად იქ და რას აკეთებს, შსს ურთიერთობს ძველ ბიჭებთან იმისთვის, რომ ხმები მოიძიოს. ვერ უშველის ამ ადამიანებს ეს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მერე ჩვენ გვიკავშირდება, ვისაც ისინი აშინებენ და მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ უარეს შვრებიან იმიტომ, რომ საზოგადოებაში ეს გაღიზიანებას იწვევს და უფრო მეტად ხდება ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მსჯელობენ იმ მექანიზმებზე, რომელიც „ოცნების“ მიერ გაყალბების მცდელობას უნდა დაუპირისპირონ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხმების დასაცავად საკუთარი ძალების სრულ მობილიზაციას მოახდენენ.

გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები, ასევე ის პარტიები, რომლებმაც მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს, ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები