11 დეკემბერი 2018,   23:17
ვრცლად
„შეუძლია მუნიციპალიტეტს მარტივად უთხრას, რომ აქ აქციის ჩატარება ღონისძიებაში ხელს მიშლის და იქნებ თქვენი გამოხატვის უფლება გამოავლინოთ სხვა ადგილზე" - გედევან ფოფხაძე

რუსთაველის გამზირზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის პირველი კომენტარი გვიან ღამითვე გააკეთა თამარ ჩუგოშვილმა. ამ ფაქტს თითქმის 12-საათიანი პაუზის შემდეგ  "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებიც გამოეხმაურნენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, სარალიძესა და აქციის სხვა მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება ჰქონდათ. იგი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის ტრაგედიას "ნაციონალური მოძრაობა" კახა კალაძის წინააღმდეგ იყენებს. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი კი მესამე სექტორს აკრიტიკებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ ქვეყანაში გამოხატვის უფლება დაცულია.

„გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველვყოფთ თუმცა, თუკი მოხდება ამ უფლების შეზღუდვა გაკეთდება განმარტებები, რაზეც საუბრობდა შს მინისტრი, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაციები, რომელიც შეიძლება საზოგადოების უსაფრთხოებისთვის და  მათი დაცვისთვისვე იყოს რეაგირებული,“-ამბობს ბესელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე კი ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს მოქალაქეებს, რომ სხვაგან გამოხატონ თავის პროტესტი.

„შეუძლია მუნიციპალიტეტს მარტივად უთხრას, რომ აქ აქციის ჩატარება რაღაც ღონისძიებაში ხელს მიშლის და იქნებ თქვენ თქვენი გამოხატვის უფლება გამოავლინოთ სხვა ადგილზე. ასეთი მოლაპარაკება ლეგიტიმურია და ამაში ქვეტექსტების დანახვა არასწორია,“-ამბობს გედევან ფოფხაძე.

დღის ამბები