30 აპრილი 2024,   12:41
ვრცლად
„კარავი და არა ნაძვის ხე" - შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქცია ბათუმსა და ქუთაისში

„კარავი და არა ნაძვის ხე,“ „სოლიდარობა შვილმოკლულ მამებს“- ამ მოწოდებით საქართველოს დიდ ქალაქებში ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვა შვილმოკლული მშობლების მხარდასაჭერად აქციები გაიმართა. 

ბათუმსა და ქუთაისში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შვილმოკლული მშობლების სოლიდარობის ნიშნად კარვების აქცია მოაწყვეს. ისინი დამნაშავეების დასჯასა და პროტესტის მონაწილეებისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დაცვას მოითხოვენ.

„სიმბოლურ აქციას ვმართავთ,რათა ხელისუფლებამ გაიგონოს ჩვენი ხმა, რომ ზაზა სარალიძე არ არის მარტო ამ ბრძოლაში. ხელისუფლებას მოუწევს იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც აყენებს ეს ადამიანიო,“-ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა.

ამავე მოთხოვნებით აქცია გაიმართა ქუთაისშიც. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად პერმანენტულად შეიკრიბებიან, თუ ხელისუფლება შვილმოკლულ მამებს პროტესტის გამოხატვის უფლებას შეუზღუდავს.

„ჩვენ ჩვენი წვლილი ქუთაისიდან შეგვაქვს და გვინდა გავაგონოთ ჩვენი ხმა ქუთაისიდან ყველას. ჩვენი მთავარი ლოზუნგია, რომ არა უსამართლობას,“-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ ღვენეფაძე.

დღის ამბები