03 მაისი 2024,   04:17
ვრცლად
„მე არ ვემუქრები არცერთ ჯარისკაცებს... თუ ვიღაცას არ სჯერა, მტკიცებულებები გადაცემულია, გამოძიება მიმდინარეობს " - ზურაბიშვილი მასზე განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე საუბრობს

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით განხორციელებული მუქარის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა.

ასევე ისაუბრა მის წინააღმდეგ სამხედრო მოსამსახურეების მიერ დაწყებულ კამპანიაზე. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არ ემუქრება ჯარისკაცებს, უბრალოდ ის ყოფილი სამხედროები, ვინც იმუქრებიან, "ლაჩრები არიან." მისი განცხადებით, მტკიცებულებები გადაცემულია საგამოძიებო უწყებებისთვის.

„მე არ ვემუქრები არცერთ ჯარისკაცებს და პირიქით ამ დილითაც გამოვთქვი ის პატივისცემა, რაც მე მაქვს და გამაჩნია სამხედრო ძალების მიმართ და სწორედ ეს ადამიანები შეურაცხყოფენ ამ ღირსებას, რაც არის ჩვენი სამხედრო ძალების ღირსება, როცა მანიპულირებენ, როცა მუქარით გამოდიან, ეს არ არის ჯარისკაცის ქცევა, ეს არის ლაჩრების ქცევა და თუ ვიღაცას არ სჯერა, მტკიცებულებები გადაცემულია, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა ფაქტები დადგინდება. დაიწყო ერთი კაცით და გავრცელდა, რამდენიმე პირი მონაწილეობს ამ მუქარებში,“-ამბობს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, მისი შვილები საფრანგეთის მოქალაქეები არიან და მათზე განხორციელებული მუქარის შესახებ ინფორმაცია უკვე გადასცა ფრანგულ მხარესაც. მისი ადვოკატის განცხადებით კი , მუქარის ერთ-ერთი ავტორი უკრაინაში  იბრძვის და ის ქაქრთული შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრია. 

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებებს არასამთავრობო სექტორიც პასუხობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, თუმცა კარგია, რომ მან სამართალდამცველებს მიმართა.

მესამე სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ გამოძიება უმოკლეს ვადაში დაადგენს ვინ და რატომ ემუქრებოდა მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს.

„კარგი იქნება ჩვენ ანგარიშებს გაეცნოს ხოლმე, სანამ ჩვენს მიმართ პრეტენზიები ექნება. რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს ეს არის დასაგმობი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მიმართა სამართალდამცველს უწყებებს, მათ დაიწყეს გამოძიება და უახლოეს ვადებში მათ უნდა დაადგინონ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მას ემუქრებოდა,“-ამბობს ეკა გიგაური.

დღის ამბები