31 მაისი 2020,   14:10
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონის, ლაშა ჩანადირის ოჯახი სამხარაულის ბიუროს ფსიქიატრს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს

მკლავჭიდს და ბრძოლა წესების გარეშე 8 გზის მსოფლიო ჩემპიონის, ლაშა ჩანადირის ოჯახი და ადვოკატები სამხარაულის ბიუროს ფსიქიატრს დასკვნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ჩანადირს პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაზიდვას ედავებოდა. 2 წლის წინ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა 8 წლიანი საპატიმრო სასჯელით დასრულდა. ოჯახი და მისი ადვოკატები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ჩანადირი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო.

დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ბრალდებულ ლაშა ჩანადირს ჯანმრთელობის კვლევა პროკურატურის მოთხოვნითაც ჩაუტარდა. კვლევა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა. ახალგაზრდა მამაკაცს სახელმწიფო ექსპერტები 5 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ და დაასკვნეს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, საჭიროებდა დროებით მკურნალობას, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტში ჯანმრთელი იყო.

ბრალდებულის ადვოკატების მტკიცებით, ვინც ჩანადირის დასკვნა გასცა, იგივე ფსიქიატრმა სხვადასხვა დროს შეურაცხადობის დიაგნოზები დაუსვა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და ჟურნალისტ ნაზი შამანაურს.

ფსიქიატრი დავით მაღრაძე ლაშა ჩანადირის ბრალდების საქმის განხილვისას დაკითხეს. მან დაადასტურა, რომ საბჭოთა ხელისუფლებისაგან დევნილი და საბოლოოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაცვლილი ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის ფსიქიატრიული დასკვნის მომზადებაში მონაწილეობდა. მთავარ კითხვას კი, რითი დაადგინა, რომ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ბიჭი დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი არ იყო, პასუხობს, რომ დაკვირვებამ და გამოცდილებამ მიაღებინა გადაწყვეტილება.

ლაშა ჩანადირის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ამ დრომდე მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს და ციხეში ის სხვა მსჯავრდებულების მხრიდან მუდმივად დაცინვის მსხვერპლია.

 

დღის ამბები