06 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
"წინასაარჩევნო აფიორა," - ოპოზიცია ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

მიკროსაფინანსო ბიზნესთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ქმედებას ოპოზიციური პარტიები ტოტალურ ტერორსა და რეკეტს უწოდებენ. მათი შეფასებით, ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა და ბიზნესზე ზეწოლისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებს. მმართველ გუნდში კი ინიციატივას უპრეცენდენტო საქველმოქმედო აქციად მოიხსენიებენ, რომელზეც ოპოზიციის რეაგირება პროგნოზირებადი იყო. "რუსთავი ორმა" გაარკვია, რომ სამინისტრო პრობლემური სესხების კომპანიებს აიძულებს, ე.წ. შავი ვალები ბიძინა ივანიშვილის "ქართუ" ფონდს მიზერულ ფასად, ამოსაღები თანხის 1%-ად დაუთმონ. ვინც ივანიშვილის პირობებს არ დასთანხმდება, მათთან გარიგება არ შედგება - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოსაფიქრებლად ვადა 5 დეკემბრამდე აქვს.

"ბიძინა ივანიშვილი არანაირი ვალების გამოსყიდვას არ გეგმავს და არანაირი მილიონების გადახდას არ აპირებს ამ ვალებში. ის პირდაპირ მივიდა და და დაიწყო რეალურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეკეტი. რეალურად ჩვენ მივიღეთ ის, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო აფიორა, ოღონდ მინდა ყველა გავაფრთხილო "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, რომ ბიძინა ივანიშვილის ფოჩიანი კანფეტების საქართველოს მოსახლეობას დიდი ხანია აღარ სჯერა,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, სესხების გამცემ ორგანიზაციებთან ბრძოლა დაიწყო.

"ყველანაირი ზღვარი მთავრობას, "ფონდ ქართუს" ბიძინა ივანიშვილს ეროვნულ ბანკს შორის წაშლილია, ერთმანეთშია აზელილი. "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ბრძოლა სესხების გამცემებთან იმის ნაცვლად, რომ ეზრუნა სამუშაო ადგილების შექმნაზე, ეკონომიკის წინ წაყვანაზე, იმაზე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შემოსავალი,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

უმრავლესობაში კი ოპონენტებს აკრიტიკებენ და ხელისუფლების ახალ ინიციატივას "უპრეცედენტო საქველმოქმედო აქციას" უწოდებენ.

"ჰგავს ეს ჩვენი ოპონენტების წერილს პირდაპირ დაწერილს. მათაც ექნებათ რა თქმა უნდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, იმიტომ რომ ხალხისგან ვალების ამოღებას დიდი გამოცდილება გააჩნია. უპრეცედენტო საქველმოქმედო აქციას როდესაც უწოდებ ბიზნესის ტერორს, მე მგონი ამას ყველა ხედავს,"-აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

დღის ამბები