27 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის მიერ დადგმული სპექტაკლები - მამუკა მდინარაძე "ოცნების" შტაბში გაკეთებულ ფარულ ჩანაწერს აფასებს

პანიკა „ოცნებაში“ - დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, საიდანაც ირკვევა, რომ ივანიშვილის გუნდი ყველა შიდა მონაცემით არჩევნებს აგებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

„ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, აუდიოჩანაწერი სინამდვილეს არ შეესაბამება. საქმე ეხება „კურიერის“ მიერ მოპოვებულ მმართველი პარტიის ერთ-ერთი შტაბის ფარულ ჩანაწერს, საიდანაც დგინდება, რომ „ოცნებას“ რეგისტრირებულ მხარდამჭერებსა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40%-იანი ცდომილება აქვს.

ჩანაწერის მიხედვით, ის, ვინც მმართველ პარტიას ჰპირდება, რომ ხმას მისცემს, რეალურად კაბინაში შესვლისას ოპოზიციას ხაზავდა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აღნიშნული აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების გამო „რუსთავი 2“-ს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს მმართველი გუნდი საარჩევნოდ გარკვეულ მანიპულაციებს გეგმავს.

„რუსთავი 2"-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ვითომდა ფარულ ჩანაწერში საუბარია თითქოს "ქართული ოცნების" ამომრჩევლის და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40-პროცენტიანი სხვაობა არსებობს, ამის აღმოსაფხვრელად კი თითქოს ჩვენი გუნდი საარჩევნოდ გეგმავს გარკვეულ მანიპულაციებს,“ - ამბობს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე ასევე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის წევრების ოჯახებზე ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილებით" განხორციელებულ თავდასხმას და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კომპრომატების მოგროვების მიზნით ყველაფერს გააკეთებს.  

„რა თქმა უნდა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი და მტკნარი სიცრუე. მათი სქემის ნაწილია, გურჯაანსა და თელავში ვითომდა ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებული ინციდენტი. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდის, რათა როგორმე დააგროვოს ე.წ. კომპრომატები, თითქოსდა მათ წინააღმდეგ ხდება პოლიტიკური ანგარიშსწორება.

„რუსთავი 2"-ის მიერ დადგმული სპექტაკლები მხოლოდ არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ქვეშ დაყენებას, გაყალბების ილუზიის შექმნას ემსახურება, რომელიც იმ რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილია, რასაც სააკაშვილი, შკლიაროვი, ვაშაძე და მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერები ღიად თუ ფარულად დიდი ხანია გვიანონსებენ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები