06 მაისი 2024,   07:28
ვრცლად
"ასეთი საქციელი სრულიად მიუღებელი და გასაოცარია ორგანიზაციისგან, რომელიც საკუთარ თავს არასამთავრობოს უწოდებს" - ნატა ძველიშვილი

კურიერის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს მედიის წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი თქმით, დაუშვებელია მსგავსი ტონით საუბარი მედიასთან, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება თავდასხმას ჟურნალისტებზე.

მედიის წარმომადგენლებისთვის მსგავსი ქმედება განსაკუთრებით მიუღებელია იმ ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან, რომელიც თავს არასამთავრობო უფლებადაცვით ორგანიზაციას უწოდებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი, ამბობს, რომ, თუ ჟურნალისტი არღვევს პროფესიულ ეთიკას ან კანონს, ამის აღსაკვეთად ძალადობრივი ქმედებების განხორციელება მიუღებელია.

„ჩვენ არ გვინახავს რაიმე დამადასტურებელი იმისა, თითქოს მარიამი იქ შეიჭრა ძალის გამოყენებით და ვინმეს სურვილის საწინააღმდეგოდ. ასეთი საქციელი სრულიად მიუღებელი და გასაოცარია ორგანიზაციისგან, რომელიც საკუთარ თავს არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდებს და ისევე, როგორც საჯარო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ ეთანამშრომლონ მედიას, იყვნენ გამჭვირვალეები და მაქსიმალურად მიაწოდონ ინფორმაცია ყველა იმ კითხვაზე, რაც არსებობს საზოგადოებაში,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს გმობს საინფორმაციო სააგენტო 2020-ის დამფუძნებელი, ანი მიროტაძე. მისი თქმით, ნანა კაკაბაძის და მისი მომხრეების ქმედება კურიერის გადამღებ ჯგუფის მიმართ განიხილება, როგორც ზეწოლა.

„ნებისმიერი სხვა სახის ზეწოლა ჟურნალისტზე არის და გადის ძალადობის კატეგორიაში და რასაკვირველია, ეს ითვლება, რომ არის ზეწოლა და ფიზიკური ძალის გამოყენება კონკრეტული ჟურნალისტის მისამართით... თვითონ ფაქტი, რომ მოხდა დაზიანება აპარატურის, მოხდა მსგავსი ტიპის ზეწოლა ჟურნალისტზე, რასაკვირველია, ეს განიხილება, როგორც ძალადობა,“ - განაცხადა მიროტაძემ.

კურიერის გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ დაესხნენ, როდესაც ნანა კაკაბაძემ და მისმა მომხრეებმა ჟურნალისტი და ოპერატორი ოფისიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

კურიერის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო, გამოძიება შსს მ სისხლის სამართლის 3 მუხლით დაიწყო - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, სხვისი ნივთის დაზიანება და ოფისში უკანონო შეღწევის გამო.

ბოლო მუხლი, სავარაუდოდ, სწორედ რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს ეხება, რომელსაც ნანა კაკაბაძემ და მისმა მომხრეებმა დააზიანეს ტელეკომპანიის აპარატურა და ოფისიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს ჟურნალისტი და ოპერატორი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები