06 მაისი 2024,   07:14
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები ამომრჩეველზე ზეწოლის ფონზე წარიმართა - "კურიერმა" ფოტო და ვიდეომტკიცებულებები მოაგროვა

საპრეზიდენტო არჩევნები ამომრჩეველზე ზეწოლის და მოსყიდვის მიმდინარეობდა - კურიერმა ყველა ის მტკიცებულება მოაგროვა, რომელიც ამომრჩევლის ნებით მანიპულირებას ადასტურებს.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მარნეულში დაფიქსირდა, როდესაც ერთი ადამიანი ხმას ორჯერ აძლევს, რასაც საარჩევნო უბანზე გადაღებული ფოტოც ადასტურებს.

გაყალბების სავარაუდო სქემა ასეთ იყო - არჩევნების წინ დაიბეჭდა ლამინირებული პირადობის ყალბი მოწმობები, ერთ პირს მისცეს ასეთი ხუთი პირადობა, ხუთივე პირადობაში ფოტო ერთია, იცვლება პირადი ნომერი და გვარი. შესაბამისად, მისი მფლობელი ერთ ან ხუთ სხვადასხვა უბანზე მიდის და ხმას აძლევს.

ყალბი პირადობის მოწმობების სავარაუდო გამოყენების ფაქტი მარნეულის 49-ე უბანზეც დაფიქსირდა. მისულ ამომრჩეველს პირადობის ჩვენებას სთხოვეს, რადგან მას მარკირება უკვე გავლილი ჰქონდა და უბანზე მოხვედრას ხელმეორედ, სავარაუდოდ, სხვა პირადობით ცდილობდა. საია-მ მხოლოდ 49-ე უბანზე 5 ასეთი შემთხვევა აღკვეთა.

28 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლის ნება რამდენიმე მეთოდით შეცვალა. ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო უბნებზე ნაღდი ფულის დარიგება იყო. კურიერმა მოიპოვა ბათუმში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო უბანთან ფულს არიგებენ.

სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ ოცნება სოფლის საარჩევნო უბნებზე ხმაში 25 დან 30 ლარამდე იხდიდა, დიდ ქალაქებში კი ერთ ხმაში 50 ლარს.

არასამთავრობოებმა დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც კაბინიდან ხალხი გამოდიოდა და რეგისტრატორს საარჩევნო უბანთან უჩვენებდა, ვინ იყო შემოხაზული.

აჭარაში კი კონვერტებში ბიულეტინთან ერთად იყო ფურცელი, მინიშნებით რომელმა მოქალაქემ შემოხაზა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა.

უბნებზე, რომელშიც გრიგოლ ვაშაძე იგებდა, საარჩევნო კომისიის წევრები განზრახ აბათილებდნენ იმ ბიულეტენებს, სადაც ზურაბიშვილი გადახაზული იყო და ვაშაძე შემოხაზული. კურიერმა ამის პირდაპირი ვიდეომტკიცებულება მოიპოვა. პირველი და მეორე ტურში ჯამში 100 ათასზე მეტი ბიულეტინი გაბათილდა, სადაც უმეტესად 5 ნომერი იყო შემოხაზული.

კოორდინატორები ოცნების მიერ შემუშავებული სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტები იყვნენ. მათთვის დასახული ამოცანა ასეთი იყო, მოეყვანათ ამომრჩეველი, აღეწერათ ისინი სპეციალურად მათთვის გადაცემული სურათებიანი სიების დახმარებით. კოორდინატორებს საარჩევნო უბნებზე ივანიშვილის პარტიასთან დაკავშირებული დამკვირვებლები ეხმარებოდნენ.  

საეჭვო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების დავალებებს ასრულებდნენ, რასაც ერთ-ერთი ფოტომასალა ადასტურებს, სადაც ჩანს, რომ ოცნების დეპუტატი, შოთა ხაბარელი, საარჩევნო უბანზე საერთაშორისო ობსერვატორიის დამკვირვებლის სტატუსით შედიოდა, რაც კანონდარღვევაა.

მალე ქვეყანას არჩეული პრეზიდენტის ნაცვლად მოქმედი მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება. სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო საქმიანობას მძიმე და რთულ ფონზე იწყებს, ამ ფონს კი საერთაშორისო მისიების შეფასებები ამძიმებს.

დღის ამბები