06 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვის გამო საქართველოს მთავრობას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აკრიტიკებს

ამომრჩევლის მოსყიდვის გამო საქართველოს მთავრობას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აკრიტიკებს.

ვაშინგტონი იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთებას, რომელიც საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, უკანონო აგიტაციასა და სხვა დარღვევებს ეხება.

ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს არ მოსწონს ერთი კანდიდატის სასარგებლოდ მთელი ადმინისტრაციული რესურსის ხარჯვა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დევიდ ქრეიმერი, განმარტავს, რომ ეუთო-ს განცხადება საკმაოდ კრიტიკულია. ქრეიმერი მძიმე დარღვევად აფასებს არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ივანიშვილის ფონდის განცხადებას, რომელიც მოქალაქეებისთვის ვალის განულებას უკავშირდება.

ქრეიმერი ასევე ამბობს, რომ მას მძიმე საპრეზიდენტო კამპანია და სამწუხარო განცხადებები არ უკვირს, რადგან მსგავსი აშშ-შიც ხდებოდა.  

ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, რიჩარდ უეითზი, აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბოლოჯერ აირჩიეს ქვეყნის პირველი პირი პირდაპირი წესით.

„ეს არჩევნები განიხილებოდა, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბოლოჯერ ხდება, რომ პრეზიდენტი ძლიერია. საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის განზრახვას, რომ ჰქონდეს ძალიან ეფექტური კანონის უზენაესობა. თუკი ამ არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემები იქნება, მაშინ შეკითხვები მთელი ამ პროექტის შესახებ ჩნდება,“ - აცხადებს რიჩარდ უეითზი.

აშშ-ის ადმინისტრაცია ყოველთვის ითვალისწინებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის დამკვირვებელთა შეფასებას, რადგან ამ უწყებას ძალიან მაღალი კომპეტენცია აქვს.

დღის ამბები