06 მაისი 2024,   04:20
ვრცლად
სოფელ ფოკაში მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება - ახალგაზრდას 4 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს

სოფელ ფოკაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გუშინ 33 წლის ახალგაზრდა ხაჟიკ ტოროსიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი გასროლით მოკლეს. მოკლული მამაკაცის ახლობლებმა მკვლელობაში ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი ავტომობილი დაწვეს. თუმცა, გამოძიებას სავარაუდო დამნაშავეები ჯერ არ ჰყავს დადგენილი.

სოფელში მღელვარება 33 წლის მამაკაცის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ხაჟიკ ტოროსიანი მისივე თანაკლასელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

სოფელ ფოკაში 33 წლის ახალგაზრდის მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებენ.

გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი ზაფხულში დაიწყო, ინციდენტის დროს კი მისი შვილი დააკავეს, გათავისუფლების შემდეგ კი დაპირისპირება ისევ გაგრძელდა.

„ოთხი ტყვია ჰქონდა ნასროლი, ერთი თავის არეში, ერთი გულში და ორი მუცელში. ერთი რომ ესროლა, საკმარისი არ იყო და კიდევ სამჯერ ესროლა. ადრე, რამდენიმე თვის წინ იჩხუბეს, მაშინ ნასვამი იყო და ამ ხნის მანძილზე ზეწოლას ახდენდა ჩემს შვილზე. ძალიან მდიდარია და ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს,“ - განაცხადა მოკლულის მამამ.

დაკავებულის ადვოკატი გარდაცვლილის მამისგან განსხვავებულ ვერსიას ყვება. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხაჟიკ ტოროსიანისგან მუდმივად განიცდიდა ზეწოლას, რის შემდეგაც მკვლელობა განიზრახა.

დაკავებული ჩადენილ მკვლელობას აღიარებს. მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები ამ დრისთვის სოფლიდან გახიზნულები არიან.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები