27 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
სკოლის ავარიული შენობა და მოუწესრიგებელი საპირფარეშოები - თოხლიაურში 113 მოსწავლეს განათლების მიღება საფრთხის ქვეშ უწევს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლაში 113 მოსწავლეს განათლების მიღება საფრთხის ქვეშ უწევს. სააღმზრდელო დაწესებულების შენობა ამორტიზებულია, სველი წერტილები კი შენობის გარეთ მოშორებით მდებარეობს. მოსწავლეებს ელემენტარული ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით ზამთრის პირობებში უჭირთ.

თოხლიაურის საჯარო სკოლაში მდგომარეობა სკოლის შიგნითაც მძიმეა. შენობა ავარიულია. სკოლამდე მისასვლელი გზა კი ისეა დაზიანებული, რომ მშობლები წვიმიან ამინდში ხშირად ბავშვებს სკოლაში არ უშვებენ.

სკოლის ადმინისტრაციას პრობლემები მოსაგვარებლად თანხა არ ჰყოფნის, მცირეკონტიგენტიან დაწესებულებაში ბიუჯეტი მხოლოდ ელემენტარული საჭიროებებისა და პედაგოგების ხელფასებისთვის არის საკმარისი.

მასწავლებლები ყვებიან, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა არც ერთი პრობლემა არ მოგვარებულა.  

სოფელ თოხლიაურის სკოლის ადმინისტრაციამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაპირება პრობლემების მოგვარებაზე საპრეზიდენტო არჩევნების წინაც მიიღო, თუმცა მას შემდეგ არავინ გამოჩენილა.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები