13 დეკემბერი 2018,   11:29
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები, ზეწოლა ამომრჩეველზე და თავდასხმები ოპოზიციის მხარდამჭერებზე - ოპოზიცია დიპლომატებს ხვდება 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. ოპოზიცია დიპლომატებს საპრეზიდენტო არჩევნებისას გამოვლენილ დარღვევებს გააცნობს. 

შეხვედრაზე საუბარი ოპოზიციის მხარდამჭერებზე განხორციელებულ თავდასხმებზეც იქნება. მათ შორის ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც თაკო ჩარკვიანის ოჯახს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

საუბარი ასევე შეეხება სამომავლო გეგმებს, ხელისუფლებისთვის წაყენებულ ულტიმატუმს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც პროპორციული წესით უნდა გაიმართოს. 

„სამი მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც ვიმსჯელეთ ეს არის საარჩევნო დარღვევები და შემდგომი სამართლებრივი პროცედურები.

მეორე ეს არის პოსტსაარჩევნო აგრესიული რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან და მათი წარმომადგენლების მხრიდან, თავდასხმები ჩვენს ლიდერებსა და აქტივისტებზე.  

მესამე- ეს არის ის დესტრუქციული პოზიცია, რომელიც დაიჭირა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“-ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

საზოგადოებრივი მოძრაობის ”ახალი ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელი ნიკოლოზ ვაშაკიძე კი ამბობს,რომ დიპლომატები დაინტერესებულები არიან იმ ინფორმაციით, რასაც მათ ოპოზიცია აწვდის.

მისი თქმით, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სამი უკიდურესად მძაფრი განცხადება გააკეთა.  

დღის ამბები