25 აგვისტო 2019,   20:53
ვრცლად
16 დეკემბერს თელავი პოლიტიკური ეპიცენტრი ხდება - ზურაბიშვილს ფიცის დადება პროტესტის ფონზე მოუწევს 

16 დეკემბერს თელავი პოლიტიკური ეპიცენტრი გახდება. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში გაერთიანებული ოპოზიციის მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართება. ოპოზიციამ დაგეგმილი აქციის შესახებ უკვე აცნობა თელავის მერიას.

არჩევნების გაყალბებას რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ და მხარდამჭერებს ინაუგურაციის ადგილიდან 70 მეტრის დაშორებით, ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის არსებულ პერიმეტრზე დღის 2 საათზე დაელოდებიან.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას არ აპირებენ და აქცია მშვიდობიანი იქნება, თუმცა ზურაბიშვილს მმართველ გუნდთან და საპატიო სტუმრებთან ერთად კიდევ ერთხელ მოუწევს იმის მოსმენა რომ პრეზიდენტობა ძალადობით აქვს მოპოვებული.

არჩევნები მოიპარეს, ამიტომ პოლიტიკური ძალები ამ ფაქტს პროტესტის გარეშე ვერ შეხვდებიან - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 800 ათას ხმაზე მეტი მიიღო ამბობს, რომ ოპოზიცია კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას არ აპირებს და მშვიდობიან მანიფესტაციებს თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში გამართავს, თუმცა ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია თელავში ჩატარდება.

„ქართული ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ არჩევნების შედეგით უკმაყოფილო ოპოზიცია, ახლა აქციებს უშედეგოდ მიმართავს. მმართველი გუნდი ამ ეტაპზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

16 დეკემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტია. თელავი ოპოზიციის საპროტესტო აქციის მთავარი ლოკაცია იქნება, თუმცა აქციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები