03 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
სხვის სახლზე დაშენებული საცხოვრებელი - "ოცნების" ყოფილ დეპუტატს ვალერი გელაშვილს მეზობელი უჩივის

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა მოქალაქე ნონა გაფრინდაშვილის საცხოვრებელს, საკუთარი სახლი დააშენა. შენობა, სადაც გაფრინდაშვილის ოჯახი უკვე წლებია ცხოვრობს, დაბზარულია. თითქმის ყველა კედელს მშენებლობის გამო ნაპრალები გაუჩნდა. ოჯახი ჩივის, თუმცა უშედეგოდ. ეჭვი აქვთ, რომ მერია „ოცნების“ ყოფილ დეპუტატს მფარველობს, რასაც ერთი ოჯახის ინტერესი ეწირება.

მერიაში შეტანილი საჩივრის მიუხედავად, ვალერი გელაშვილის სახლის მშენებლობა ზედამხედველობის სამსახურს არ შეუჩერებია. პროექტის მიხედვით, ყოფილი დეპუტატი მეზობლის პირველ სართულზე მალე კიდევ რამდენიმე აივანს დააშენებს. გაფრინდაშვილების ოჯახი დარწმუნებულია, რომ მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გაიცა და ბიზნესმენმა საკუთარი გავლენა გამოიყენა. დუშეთის ქუჩაზე ყოფილი დეპუტატისთვის კერძო სახლს მისივე კომპანია „ლიტ ჯეო ინვესტი“ აშენებს.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის სახლის მშენებელი, სხვის სახლზე სართულების დაშენებაში პრობლემას ვერ ხედავს. ვანო პაპიძე ამტკიცებს, რომ ყველა ნებართვა კომპანიას მერიიდან მიღებული აქვს და მშენებლობის შეჩერებას დავის გამო არ აპირებენ.

ზედამხედველობის სამსახურიც ადგილზე „კურიერის“ გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ გამოჩნდა. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. მხოლოდ ის განაცხადა, რომ პროექტს გაეცნო და უკანონო ვერაფერი ნახა.

დაზარალებული ოჯახი დოკუმენტების მომზადების პროცესშია და ყოფილი დეპუტატის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი

დღის ამბები