27 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
ვნახეთ შეწყალებები, როცა მძიმე შედეგებით დასრულდა - მმართველი გუნდის ნაწილი მიიჩნევს, რომ შეწყალების აქტი ზურაბიშვილმა უნდა გამოსცეს  

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების აქტი არა გიორგი მარგველაშვილმა, არამედ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოსცეს. დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტები, ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგით დასრულდა.

„გიორგი მარგველაშვილის დროს ჩვენ ვნახეთ შეწყალებები, როცა მძიმე შედეგებით დასრულდა, ამიტომ ვფიქრობ, ახლებურად, ახალი პრეზიდენტმა უფრო მაღალი პასუხისმგებლობით ჩაატაროს შეწყალება,“-განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მმართველი გუნდის დეპუტატთა აზრით, ახალი პრეზიდენტი საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება და აქცენტს საზოგადოების უსაფრთხოების რისკების მაქსიმალურად გათვალისწინებაზე აკეთებენ.  

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ შეწყალების მექანიზმი იქნება გამოყენებული, ეს იყოს გამოყენებული სამართლიანად და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის მაქსიმალური გათვალისწინებით. ეს არის ის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რითაც მე შევაფასებდი შეწყალების ნებისმიერ აქტს,“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

განსხვავებულად ფიქრობს "ქართული ოცნების" მეორე ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ არსებული კომისია რეკომენდაციებს და კონკრეტულ საქმეებს, ამ ეტაპისთვის ბევრად უკეთესად იცნობს.

„მე მგონი უფრო მართალი იქნება, რომ ძველმა შეიწყალოს. რაღაც საკითხებს შესწავლა უნდა, პიროვნებების რეკომენდაციებს შესწავლა უნდა და ალბათ შესწავლილი ექნება შესაბამის კომისიას და მზად ექნებათ ეს მასალები და ალბათ უფრო უპრიანი იქნება მან შეიწყალოს,“-ამბობს კაროლო კოპალიანი.

დღის ამბები