19 იანვარი 2019,   09:21
ვრცლად
ნაცვლად 140 შტატისა, იქნება 60 შტატი - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განსახორციელებელ რეორგანიზაციაზე საუბრობს 

საჯარო მოხელეების შესახებ კანონპროექტში ცვლილებები გაწვეული იქნება. ამის შესახებ განცხადება,  პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტის გაწვევის მიზეზი, საკითხთან დაკავშირებით გუნდში არსებული არაერთგვაროვანი პოზიცია გახდა.

რაც შეეხება რეორგანიზაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კობახიძის განმარტებით, ის მაინც განხორციელდება. ირაკლი კობახიძე კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტებს არაჯანსაღი აჟიოტაჟის გამოწვევაში ადანაშაულებს.

„კანონში ცვლილების გარეშეც არის შესაძლებელი რეორგანიზაციის განხორციელება, როგორც მოგეხსენებათ ბიუჯეტის კანონის თანახმად იცვლება შტატების რაოდენობა. იყო გაბერილი შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით და რაც ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ნაცვლად გათვალისწინებული 140 შტატისა, ბიუჯეტის კანონის თანახმად, იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 შტატი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაბამისად. ადამიანი, რომლებიც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე, ისინი უნდა დარჩნენ ამ სტატუსით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში საჯარო მოხელეების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციების არსებობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე. მისი განმარტებით, ცვლილება შეჩერდა, რადგან გუნდში საჭიროა, მსჯელობის შედეგად ერთ პოზიციაზე მივიდნენ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში საკმაოდ ძლიერი არგუმენტები ჰქონდათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები