27 აპრილი 2024,   07:33
ვრცლად
გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე, რომელიც არის ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმა - ირაკლი კობახიძე

16 დეკემბერს, პრეზიდენტის ფიცის დადების პარალელურად, ქვეყანაში კონსტიტუციის ახალ რედაქცია უნდა ამოქმედდეს. ახალი რედაქციის თანახმად, საქართველო ნახევრად საპარლამენტო მმართველობიდან მთლიანად საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადადის.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველობის ეს ფორმა აღიარებულია, როგორც ყველაზე დემოკრატიული მმართველობა. 

გარდა ამისა, ახალი კონსტიტუციის თანახმად, ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი აღარ ექნება.

„ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე, რომელიც არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმა და როგორც მოგეხსენებათ, ასევე 2020 წლიდან ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ასევე შემოღებული იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი. არ არის თავსებადი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები საპარლამენტო მმართველობასთან და ამის საუკეთესო დასტური იყო ეს საპრეზიდენტო არჩევნები. გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ვერ გამოდიოდნენ პროგრამებით და რეალური დაპირებებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას არასწორ გადაწყვეტილებას უწოდებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრი, კობა ნარჩემაშვილი. ის ამბობს, რომ შესაძლებელი იყო პარლამენტს ეფუნქციონერა როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში.

„არჩევნებში ასეთი შედეგი, პირველ ტურში, ჩემი აზრით, დიდ წილად განპირობებული იყო მათი, ასე ვთქვათ, გაღიზიანებით, იმის გამო, რომ საპარლამენტო ქალაქი აღარ იქნებოდა ქუთაისი,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადმოტანის წინააღმდეგ წავიდა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” მდივანი, გენადი მარგველაშვილი. ის ამბობს,  ცვლილებების წინააღმდეგ სამი დეპუტატია.

„არ მესმის, მაინც და მაინც რატომ უნდა თბილისი. ვფიქრობდი, რომ თბილისის და ქუთაისიც რომ ყოფილიყო, ამით არაფერი დაშავდებოდა,“ - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, უცხოელებზე მიწის მიყიდვა აიკრძალება.

„16-დან შედის ძალაში ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების აკრძალვას. ჩვენ გვექნება ყველა მიწის ნაკვეთზე, რომელიც გასხვისდება, პრივატიზდება, იჯარით გაიცემა, ვალდებულება, რომელიც აქამდე არ იყო ხოლმე პრაქტიკა, ამიტომ პირიქით, ამას დადებითი ეფექტი,“ - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ.

დღის ამბები