18 იანვარი 2019,   06:28
ვრცლად
კორუმპირებული ჩინოვნიკების თარეში უნდა დასრულდეს - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ია კერზაიას ოჯახს მიუსამძიმრეს

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ოჯახს მიუსამძიმრეს. ია კერზაიას ოჯახი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ოჯახს მიუსამძიმრა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ”ძალა ერთობაშია” ლიდერმა, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. მან ხელისუფლებას მომხდარის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

„ოჯახმა გადაწყვიტა, საშუალება მისცეს ხელისუფლებას გამოძიება ჩაატაროს და თვითონ დაასახელოს დამნაშავეები, რომლებიც ამ ქალბატონის სიკვდილში არიან დამნაშავე. ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში აღვირახსნილი, კორუმპირებული ჩინოვნიკების თარეში უნდა დასრულდეს, რომელსაც სრულიად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება იმიტომ, რომ მათ ბოლომდე სურთ შეინარჩუნონ თავისი სკამები და არავითარ ფასის გადახდას არ ერიდებიან ამისთვის,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი რამდენიმე გასულ კვირას გარდაიცვალა. ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე გარდაცვალებამდე ია კერზაიამ „რუსთავი2"-თანისაუბრა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.

შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.

პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვს კერზაიას შვილი. 

დღის ამბები