27 აპრილი 2024,   05:09
ვრცლად
კოლონები თელავისკენ მიემართებიან - ინაუგურაციის პარალელურად დაგეგმილ აქციას დასავლეთ საქართველოდან უერთდებიან

თელავში ინაუგურაციის პარალელურად დაგეგმილ აქციას დასავლეთ საქართველოდანაც უერთდებიან. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები არჩევნების დარღვევების ფონზე ჩატარებას აპროტესტებენ.

სამეგრელოსა და გურიიდან მომავალი აქტივისტების მობილიზება წეროვანთან ხდება. დასავლეთ საქართველოდან წამოსულ კოლონებს შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის მსოახლეობაც შეუერთდა. 

ოპოზიციის მხარდამჭერების თქმით, იმ დარღვევებს, რომელიც არჩევნების დღეს დაფიქსირდა რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ.

"ადამიანებს აქვთ ძალიან მძიმე განცდა, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით, არ გვიმჩნევს ჩვენ ამომრჩეველს, არ გვიმჩნევს ჩვენ ოპოზიციას. ისინი აფიქსირებენ პოზიციას, თითქოს ჩვენ არ ვარსებობთ. ამ ტოტალური გაყალბების მოსყიდვის, დაშინების, უამრავი გაცხადებული ფაქტი, რომელიც თვალხილული ფაქტია, არასდროს საქართველოს ისტორიაში, არ გამოფენილა, არ ყოფილა და ეს ყველაფერი იწვევს ადამიანების ბუნებრივ პროტესტს და ჩვენ არ ვაპირებთ მივყვეთ ივანიშვილის დღის წესრიგს, რომ ჩვენ არ ვარსებობთ. ჩვენ ვარსებობთ და ჩვენს უკან დგას 100 ათასობით მომხრე,"-აცხადებს ენმ-ს წევრი მურთაზ ზოდელავა. 

დღეს 15:00 საათზე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, რის პარალელურადაც თელავის ცენტრში გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად მასშტაბურ აქციას გამართავს. ისინი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ, რადგან მათი მტკიცებით, არჩეულმა პრეზიდენტმა ხმები მოსყიდვის და დაშინების გზით მოიპოვა.

ინაუგურაციის 45-წუთიან ცერემონიას მმართველი გუნდის წევრები, სამხედროები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 

ბატონის სასახლეში ჯერ გიორგი მარგველაშვილი მივა, შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბიბლიაზე დადებს კონსტიტუციას, პრეზიდენტიც სწორედ ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დაიფიცებს. სწორედ ამ ცერემონიის შემდეგ შევა ძალაში, საქართველოს ახალი კონსტიტუცია.

საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები ჩააბარებენ პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს.

დღის ამბები