27 აპრილი 2024,   04:55
ვრცლად
ბუტა რობაქიძის საქმე - გურამ დონაძეს, შსს-ს ყოფილ თანამშრომლებთან ერთად, სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით - ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქმეში ბრალდებული შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

ბუტა რობაქიძის საქმეში დამნაშავეებად სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე და ვაკის სამმართველოს ყოფილი უფროსი, დავით იაშვილი, სცნო.

მათთან ერთად მოსამართლე დავით მგელიაშვილმა უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ სცნო დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მაშინდელი უფროსი, ირაკლი ფირცხალავა, რომელიც სასჯელს სხვა საქმეებზე უკვე იხდის.

ერთადერთი, ვინც დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძეა.

2004 წლის სპეცოპერაციის მთავარ მოქმედ გმირს მოსამართლემ პირობით სასჯელი და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

საქმის მასალების მიხედვით, ბაქრაძემ რობაქიძის დაკავების ადგილზე იარაღი მიიტანა და სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთია იმ ბრალდებულიდან, ვინც ბრალი აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების ადვოკატები ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. 

დღის ამბები