03 მაისი 2024,   07:31
ვრცლად
"დავით კირკიტაძისთვის ვიბრძოლებთ, ერთი წუთი არ დავნებდებით და არ გავაჩერებთ მას საპატიმროში"-გრიგოლ ვაშაძე

დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის სასამართლო ხვალ დილით, 10:30 საათზე იმსჯელებს. პროკურატურამ დავით კირკიტაძეს ბრალი დღეს 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.  

ძალოვანმა უწყებამ გაერთიანებული ოპოზიციის დაკავებული ლიდერისთვის პატიმრობის შუამდგომლობით უკვე მიმართა სასამართლოს.

სასამართლოსთან დილიდან გამოცხადებულია ოპოზიციის მობილიზება. "ძალა ერთობაშია" -ს წევრები ამბობენ, რომ დავით კირკიტაძე პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. გაერთიანებული ოპოზიცია თანაგუნდელი გათავისუფლებას მოითხოვს.

„ისინი ფიქრობენ, რომ ხვალ დილით ამდენი ვერ ვიქნებით, რაღაც პრობლემა  გვექნება, შეიძლება ვერ შევიკრიბოთ. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ ხვალ დილით 9 საათზე ყველანი ვიკრიბებით აქ, გურჯაანის სასამართლოსთან და აქ შევხვდებით ჩვენს ღირსეულ თანამებრძოლს დავით კირკიტაძეს და ბოლომდე დავუჭერთ მხარს,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ დავით კირკიტაძის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებენ.  

„იმედი აქვთ, რომ ხვალ ხალხი არ შეიკრიბება. ხალხი ხვალ შეიკრიბება და ყველა დაველოდებით სასამართლოს განჩინებას. ერთი რამ უნდა ახსოვდეს ამ ხელისუფლებას, რომ არაფერი არ დამთავრდება არც დღეს, არც ხვალ. დავით კირკიტაძისთვის ცალკე იბრძოლებს ჩვენი იურისტების ჯგუფი, ცალკე იბრძოლებს გაერთიანებული ოპოზიცია. ერთი წუთი არ დავნებდებით და არ გავაჩერებთ მას საპატიმროში,“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

გაერთიანებულ ოპოზიციაში თვლიან, რომ პროკურატურამ შეგნებულად გააჭიანურა პროცესი, რათა აქცია დაშლილიყო. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, სასამართლო დილით ზუსტად იმ მიზნით დაინიშნა, რომ აქცია არ გაიმართოს.

„ამ ფუფუნებას ნამდვილად არ მივცემთ ჩვენ არც პროკურატურას, არც სასამართლოს და არც ბატონ გახარიას და არც ბატონ ივანიშვილს. 9 საათზე ხვალ, ორი ამდენი ადამიანი იდგება დილას აქ დავით კირკიტაძის თავისუფლების დასაცავად,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები