01 მაისი 2024,   12:54
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა - ოპოზიცია თანამდებობაზე თამარ ჟვანიას დასახელებას არ გამორიცხავს 

საპარლამენტო ოპოზიციაში ცესკოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად დაწყებულ კონსულტაციებს ეხმაურებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ყველა გზას გამოიყენებს, რათა მათთვის მისაღები კანდიდატი იქნას არჩეული.

გოცირიძე ფიქრობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე ნეიტრალური მხოლოდ მაშინ იქნება, თუ კანდიდატურას მესამე სექტორი წარადგენს. 

„ცუდ საარჩევნო კანონს დამატებული ცუდი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უდრის გაყალბებულ არჩევნებს და ეს ვიხილეთ. ამ ფორმულის შენარჩუნებას მოინდომებს ხელისუფლება და ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ცესკოს თავმჯდომარე იქნება ვინმე მორიგი თამარ ჟვანია და არც ის გამიკვირდება, რომ თამარ ჟვანია დაასახელონ ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად.

თუ უნდა პრეზიდენტს, რომ ცესკო იყოს ნეიტრალური მან უნდა წარმოადგინოს სამივე კანდიდატურა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული,“-ამბობს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არის ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა. ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მხოლოდ ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე უნდა შედგეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად გამოიძიოს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელშიც პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო ადმინისტრაცია. ამასთან ხელისუფლებამ ასეთ სიტუაციაში უნდა იმსჯელოს ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო სისტემის დახვეწაზე და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე, რომ მომავალში მსგავსი ტიპის პოლიტიკური კრიზისები თავიდან ავიცილოთ.

თუმცა პოლიტიკური დიალოგის ნაცვლად ხელისუფლებისგან ვხედავთ კვლავ დაჭერების ახალ ტალღას, პოლიტიკურ ზეწოლას და დევნას ასეთ პირობებში ცესკოს თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით არანაირი გონივრული ნაბიჯის იმედი არ გაქვს"- აცხადებს ევროპული საქართველოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე.

დღის ამბები