30 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
"თავად ხართ დანაშაულის დაფარვის თანამონაწილე?“ - ოპოზიცია შს მინისტრს სარალიძის მკვლელობის საქმეზე განმარტებებს სთხოვს

მოზარდების მკვლელობის საქმე - ეს იყო ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის ირგვლივაც შს მინისტრთან კითხვები თანაბრად ჰქონდათ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს.

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც შს მინისტრის დეპუტატების კითხვებს პასუხობს, უმრავლესობის წევრებმა გიორგი გახარიას ჰკითხეს, რატომ არ იქნა ამ დრომდე ნაპოვნი დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი. დიმიტრი ცქიტიშვილის კითხვა, ამ საკითხზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს ეხებოდა. მათ მინისტრს ჰკითხეს მიხეილ კალანდიაზე, რომელიც დაკავების რეკომენდაცია საგამოძიებო კომისიამ გასცა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილის სიტყვები შეახსენა, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ არჩევნების პირველი ტურის წინ თქვა. აბესაძემ ჰკითხა გახარიას, ეთანხმებოდა თუ არა ისიც პარტიის ლიდერს.

„ჭარბი ნდობის ხიბლში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ პირველი ტურის წინ განაცხადა ზაზა სარალიძის შესახებ,რომ „ყველამ ვიცით, რომ ის რუსთაველზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილს უნახავს, რად უნდა, რატომ ააგო კარავი? შეიძლება შვილის ტრაგედია აქ გადავიტანოთ?“  

"იქნებ თქვენ უპასუხოთ ბატონ ზაზას, თქვენც თვლით, რომ მისი პროტესტი რუსთაველზე არის პოლიტიკური მოტივით განპირობებული, როცა თქვენ კარგად დაინახეთ, რომ ყველანაირი მასალები არსებობს სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილე პირის გამოსაკვეთად, ისევე როგორც საკუთარი უწყებისა და პროკურატურის თანამშრომლების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც მიზანმიმართულად აყალბებდნენ ამ გამოძიებას,“- ჰკითხა აბესაძემ გახარიას.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე და კონკრეტულად დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მინისტრთან მწვავე კითხვა ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს თინა ბოკუჩავას. მან მინისტრს ჰკითხა, რატომ არ ისჯება სარალიძის მკვლელი და ის მაღალჩინოსნები, რომელებიც მკვლელს ხელს აფარებენ.

„ეუბნებით, რომ ბუნებაში არ არსებობს დათუნა სარალიძის მკვლელი, როდემდე აპირებთ ამის გაჭიანურებას და რატომ აფარებთ ხელს მკვლელს და ადამიანებს, ვინც თვითონ აფარებდნენ ხელს დამნაშავეებს. იმიტომ ხომ არა ბატონო გიორგი, რომ თქვენ თავად ხართ დანაშაულის დაფარვის თანამონაწილე?“-მიმართა ბოკუჩავამ მინისტრს. 

დღის ამბები