27 აპრილი 2024,   06:54
ვრცლად
პარლამენტიდან გაწვეული კანონპროექტი კანაფის კულტივაციის შესახებ - ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდა

ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო დაუპირისპირდა. ცნობილი ხდება, რომ პარტიის ლიდერი მისივე გუნდზე გაბრაზებულია.

ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ დეპუტატებს კანონპროექტი პარლამენტიდან არ უნდა გაეწვიათ და საქართველოში მარიხუანის პლანტაციების გაშენების თემა უფრო მეტად უნდა დაეცვათ.

დახურული შეხვედრის დეტალებმა პრესაში დღეს გაჟონა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ გუშინ 4-საათიან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მათ უსაყვედურა, რომ მათ არ მიიტანეს საზოგადოებამდე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავდა კანაფის კულტივაციის კანონპროექტი.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„ტყუილია, ტყუილი. ეს საქმე საბოლოოდ დასამარებული კი არა, რაც გინდათ, ის დაარქვით. ეს არასდროს აღარ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მთავრობის პირობებში. შიდა საუბარი გვქონდა. კონფიდენციალური საუბრები იყო, ჩვეულებრივი საუბარი იყო, ამ საუბრის დროს ერთ-ერთი თემა იყო, რომ არასწორი კომუნიკაცია როგორ შეიძლება იყოს მაგალითად მოყვანილი, დამთავრდა, ერთი წინადადება, უსაყვედურა, გაიღიმა, გაიცინა, ამაზე იტირა, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. 2 წუთი იყო საუბარი, არასწორი კომუნიკაცია. არასწორი კომუნიკაცია გინდა საყვედურად შეაფასეთ, გინდა ჩვეულებრივ შეფასებად მიიღეთ,“- განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში აღარ დაბრუნდება.

„პირველ რიგში არის მისაღები და სწრაფად აღსადგენი და გასააქტიურებელი მუშაობა დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონზე, რომლის ინიციატორი, მათ შორის მეც ვარ, ეს არის ყველაზე სწორი ნაბიჯი ქვეყანაში ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში. სხვა უკვე რაც თქვენ საკითხი დაასახელეთ მარიხუანასთან დაკავშირებით, ეს უკვე გავლილი თემაა და ამაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გადახედვას არ ექვემდებარება. საუბარი არ არის, რომ ეს კანონპროექტი უკან შემობრუნდება. ამაზე საუბარი, რომ უკან შემობრუნდება, არ ყოფილა,“- განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ.

 

დღის ამბები