27 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
გაძვირებული მგზავრობა - რუსთავის სამარშრუტო ტაქსის მძღოლების თქმით, ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღიათ

რუსთავი - თბილისის მიმართულებით გადაადგილებისას მოსახლეობა გაძვირებულ ტარიფს უკვე 10 დღეა იხდის. მძღოლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მგზავრობის ღირებულების გაზრდის გადაწყვეტილება მათ დამოუკიდებლად არ მიუღიათ. თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით არ ასახელებენ, ვისთან შეთანხმდა ტარიფი.

კომპანია, „ინტერტრანსის“ დირექტორმა, რომელიც სამარშუტო ტაქსების მფლობელია დღეს „კურიერს“ დაუდასტურა, რომ საფასურის გაზრდა კომპანიის გადაწყვეტილება იყო. თუმცა ”ინტერტრანსში” რამდენიმე დღის წინ სამარშრუტო ხაზებზე ტარიფის ზრდა მძღოლებს დააბრალეს და მთავარ არგუმენტად სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მოიყვანეს. ამ დოკუმენტის მიხედვით, მგზავრობის საფასური 1 ლარსა და 75 თეთრს უნდა შეადგენდეს.

„ინტერტრანსმა“ სამარშრუტო ტაქსებზე ტარიფის გაზრდის შესახებ მერიას საპრეზიდენტო არჩევნებამდე აცნობა, თუმცა მუნიციპალიტეტმა წინასაარჩევნოდ ფასების ზრდაზე მას უარი უთხრა. არჩევნების შემდეგ კი კომპანიამ ტარიფი გაზარდა.

ქალაქის მერი აცხადებს, რომ „ინტერტრანსმა“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ცალმხრივი ინფორმაცია მიაწოდა.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კომპანია ”ინტერტრანსთან” შეთანხმებულად მოქმედებს, რასაც მოსახლეობისა და მძღოლების ინტერესები ეწირება.

ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ ”ქართულ ოცნებაში” და სატრანსპორტო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების შეჩერებას არ გამორიცხავენ.  

მგზავრები გაზრდილ ტარიფს აპროტესტებენ და საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები