27 აპრილი 2024,   07:57
ვრცლად
საქართველოში დემოკრატიის ინდექსი დაეცა - ოპოზიცია "ეკონომისტის" ანგარიშს ეხმაურება

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოში დემოკრატიის ინდექსმა ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებულმა დაპირისპირებამ - ამ შეფასებას გავლენიანი ჟურნალის "ეკონომისტის" კვლევისა და ანალიზის განყოფილება აკეთებს, რომელმაც ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმების სიაშია, თუმცა გაუარესებული ინდექსით. 2017 წელს საქართველო 5.93 ქულით იყო შეფასებული, წელს კი ის 5.50-ნიშნულამდე დაეცა. კვლევაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების შემდეგ მთავრობის პოლიტიკა შეიცვალა.

„ეკონომისტის“ მკვლევარებს მაგალითად მოჰყავთ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომისას გამოცხადებული მთავარი მიზეზი: "უთანხმოება ბატონ ივანიშვილთან" და არა "ხალხის მასობრივი უკმაყოფილება" მთავრობის საქმიანობის მიმართ.

„ეკონომისტის“ მკვლევართა მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

"ბატონი ივანიშვილის გავლენით, მთავრობა ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და 600 000 მოქალაქეს არჩევნებიდან 2 კვირაში ვალის ჩამოწერა შესთავაზა,“ - წერს „ეკონომისტი“.

„ეკონომისტის“ შეფასებას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, დემოკრატიის ინდექსის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი იყო. ოპოზიციის წევრების თქმით, ინდექსის ვარდნა კიდევ გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი მართავს.

„ეს მოსალოდნელი იყო იმ მძიმე ვითარების ფონზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ქვეყანაში ხალხის გაღარიბებით, პოლიტიკურად, სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევით, განსაკუთრებით ეს ეხება სასამართლოს. სამწუხარო ის არის, რომ ეს ვარდნა და რღვევა გაგრძელდება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას. ყველაზე მძიმედ ეს აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ქვეყნის არაფორმალურად მართვაზე ამახვილებენ. ოპოზიციის განმარტებით, დემოკრატიის ინდექსი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან ის ძალადობის და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა.

„ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც არ იკავებს არცერთ თანამდებობას, მაგრამ აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ხელისუფლებას და ახლა უკვე ყველანაირი ფინანსური რესურსის ხელში ჩაგდება სურს. ასევე ეს ინდექსი გაუარესებულია მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა უკიდურესი ძალადობის ფონზე, ადამიანების მოსყიდვა, ძალადობა, მათ შორის 600 ათასი ადამიანის მოსყიდვა, როდესაც მთავრობამ, ივანიშვილის დავალებით, კანონი დაარღვია,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები