26 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
„არ არსებობს მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალიები" - სერგო რატიანი

„არ არსებობს საქართველოში მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალიები,“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

დეპუტატმა „ქართულ ოცნებაში“ არსებული დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა. სერგო რატიანის თქმით, ქვეყანაში გადაწყვეტილებას არა ხელისუფლება, არამედ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს.

„ამ ისტორიის სათავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს, მართოს სასამართლო ერთპიროვნულად, ისევე, როგორც სურს, მართოს სხვა ინსტიტუციები, მათ შორის უმრავლესობა. არ არსებობს საქართველოში არანაირი მმართველი საპარლამენტო უმრავლესობა, მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალიები. ამ კონფლიქტის სათავე არის სწორედ ეს,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. 

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ეკა ბესელიას კაბინეტი შეუცვალეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას რიგითი დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში განაგრძობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები