03 მაისი 2024,   16:01
ვრცლად
განხეთქილება მმართველ გუნდში - ეკა ბესელიას კაბინეტი შეუცვალეს

ეკა ბესელიას კაბინეტი შეუცვალეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას რიგითი დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში განაგრძობს.

მიუხედავად ამისა, ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები, რომლებიც მოსამართლეთა 10-კაციანი სიას აპროტესტებენ, გეგმებს არ ცვლიან. მათი თქმით, სასამართლო სისტემის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლებენ.

გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. 

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

ამავე თემაზე
დღის ამბები