26 აპრილი 2024,   23:54
ვრცლად
ეს კანონი ისე უნდა იქნას მიღებული, რომ არ შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება - პრეზიდენტი ცილისწამების შესახებ კანონზე საუბრობს 

საქართველოს პრეზიდენტი ცილისწამების წინააღმდეგ კანონის მიღებისთვის მუშაობის დაწყებას აპირებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან კარგად იცის, რომ პრეზიდენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის დაყენების უფლება, მაგრამ ის აპირებს განიხილოს ცილისწამების წინააღმდეგ კანონის შემოღების საკითხი და მიმართოს მთავრობასა და პარლამენტს. 

სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ საფრანგეთში მსგავსი კანონის მიღება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად არ მიუჩნევია. 

"პრეზიდენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება ჰქონდეს მოსაზრება, მორალური ინიციატივა, რომელიმე თემა აწიოს და მიმართოს, მთავრობას, კანონმდებლებს საზოგადოებას.

"ეს არის თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, საჭირო არის ამის დაწყნარება, მე მესმის რომ ამავე დროს დაცული უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ არსებობს ქვეყნები ვინც ეს გადაწყვიტეს, ბოლო ამის მაგალითი იყო საფრანგეთი, რომელმაც მიიღო ასეთი კანონი ცილისწამების წინააღმდეგ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან - ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, რომ საზოგადოებასთან არასამთავრობოებთან ამ თემაზე ჰქონდეს დისკუსია და ეს გამოვიყენოთ შემდეგ, როცა საკანონმდებლო ორგანოსთან იქნება განხილვა.

"ძალიან კარგად ვიცი რა წინააღმდეგობა თეორიული არსებობს ცილისწამების შორის და სიტყვის თავისუფლებას შორის, შეიძლება იყოს ასეთი დაპირისპირება და შეიძლება იყოს ერთის მიერ მეორეს შეზღუდვა, ეს უნდა გაითვალისწინოს კანონმა, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ კანონი,რომელიც არ არღვევს არც ერთ პრინციპს არც მეორე პრინციპს.,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები