11 მაისი 2024,   07:00
ვრცლად
„ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება მწვავდება - ეკა ბესელიას კაბინეტი შეუცვალეს

ეკა ბესელიას კაბინეტი ისე შეუცვალეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე რიგითი დეპუტატისთვის განკუთვნილ ოთახში გადაიყვანეს. ახალი კაბინეტი არ არის ის ოთახი, რომელშიც ჯერ კიდევ თვეების წინ, ვიცე-სპიკერობის შემთხვევაში ეკა ბესელია იმუშავებდა.

ბესელია ბრძოლას რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად აგრძელებს. ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ დანარჩენმა წევრებმა ე.წ. ამბოხებულის სტატუსი შეგნებულად მიანიჭეს და პროცესების რადიკალურად განვითარებასაც ელოდებიან.

დღის ბოლოს ე.წ. ამბოხებულები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ზაზა პაპუაშვილთან შეიკრიბნენ. დახურულ შეხვედრას ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი ესწრებოდნენ. პაპუაშვილს რომან კაკულიაც შეხვდა, რომელიც ე.წ. ახლების გუნდის წევრად ითვლება. ზაზა პაპუაშვილის თქმით, დაპირისპირება უნდა დასრულდეს.

ე.წ. ამბოხებულები ე.წ. ახლების ბრალდებებსაც პასუხობდნენ. „ქართული ოცნების“ ნაწილი ჯერ კიდევ თანაგუნდელებს კახეთიდან აკრიტიკებდა. ე.წ. ახლები ამბობენ, რომ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების პოლიტიკური მომავალი მათსავე განცხადებებსა და გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

„ქართულ ოცნებაში“ არსებული დაპირისპირების ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გამორიცხავს.

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები