19 მარტი 2019,   14:51
ვრცლად
27 წელი თბილისის ომიდან - ქვემეხების ხმა, სროლა და შეიარაღებული რაზმებით გარშემორტყმული უზენაესი საბჭოს შენობა

27 წელი თბილისის ომიდან - ქვემეხების ხმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ავტომატების ჯერი და შეიარაღებული რაზმებით გარშემორტყმული უზენაესი საბჭოს შენობა. წლების შემდეგ თბილისის ომს, რომელსაც 113 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გადარჩენილები იხსენებენ.

ომიდან 27 წლის შემდეგაც ნემო ბურჭულაძეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე მომენტების გახსენება ძალიან უჭირს. 21 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლა, თითქმის, ყველა რესპუბლიკაში უსისხლოდ დასრულდა, გამონაკლისი მხოლოდ საქართველო იყო.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ავტომატებიდან და ქვემეხებიდან ისროდნენ. ოპოზიციის შტაბი, თენგიზ სიგუასა და თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, სასტუმრო თბილისში მდებარეობდა. შეიარაღებული რაზმებით გარშემორტყმულ უზენაესი საბჭოს შენობაში მყოფ ქვეყნის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, თენგიზ სიგუა გადადგომასა და ჩაბარებას სთხოვდა. უნიკალური კადრები და ვიდეომასალა რუსთავი2-ის არქივში წლებია, ინახება.

ნემო ბურჭულაძე ამბობს, რომ თენგიზ სიგუას ულტიმატუმი ზუსტად ემთხვეოდა ალმაატაში ბორის ელცინის მიერ მისთვის წაყენებულ პირობას. ის და ზვიად განსახურდიას მომხრეები დღემდე ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მოსკოვის მიერ იყო პროვოცირებული და 15-დღიან ომში რუსეთი ტექნიკითა და ცოცხალი ძალითაც იყო ჩართული.

ვითარება თბილისის ცენტრში ყოველდღიურად იძაბებოდა. პარლამენტის შენობაში ერთად იყვნენ პრეზიდენტი, მისი თანამოაზრეები და მომხრეები, დაჭრილები და გარდაცვლილებიც. მთავარი თავშესაფარი კი ე.წ. ბუნკერი - უზენაესი საბჭოს შენობის ნულოვანი სართული გახდა.

საქართველოს პარლამენტის შენობა, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში ყველა სახის იარაღიდან, მათ შორის ქვემეხებიდან და ნაღმტყორცნებიდან იბომბებოდა. გარეთა პერიმეტრზე სნაიპერებიც ისხდნენ და მთავარ კორპუსებს შორის გადასასვლელებთან ისროდნენ.

 

დღის ამბები