27 აპრილი 2024,   07:20
ვრცლად
ვენდეტა გრძელდება - ვერაზე მანქანის ჩაცხრილვა და ორმხრივი სროლა შესაძლოა, მარგველაშვილის სიძის სამეგობროს კონფლიქტს უკავშირდებოდეს

შეიარაღებული თავდასხმა დედაქალაქის ცენტრში - ვერაზე რამდენიმე საათის წინ ერთმანეთს კვლავ ორი დაჯგუფების წევრები დაუპირისპირდნენ.

ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. ასევე დაცხრილულია ავტომობილი რომლის მიმართულებითაც თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი დაცალა. სისხლიანი დაპირისპირების კიდევ ერთ მონაწილეს ტყვია ფეხში მოხვდა.

შედეგად დაიჭრა თავდამსხმელიც. ორმხრივ სროლაში მონაწილე ზურაბ კუჭავაც და გიორგი ადუაშვილიც ამ წუთებში საავადმყოფოებში იმყოფებიან.  

ექიმების ინფორმაციით, ორივე დაშავებულის ჯანმრთელობა სტაბილურია. ზურაბ კუჭავას, რომელსაც ცეცხლნასროლი ჭრილობაა ქვს მიყენებული, ტრავმატოლოგიის ცენტრშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, დაზიანება მას კისერში აღენიშნება.

გიორგი ადუაშვილს კი 6 ჭრილობა ჰქონდა ბასრი საგნით მიყენებული. ის გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრშია მოთავსებული. ექიმების თქმით, ადუაშვილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. გიორგი ადუაშვილი 2013 წელს მოკლული ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის შვილია.

კურიერის ინფორმაციით, მათი დაპირისპირება ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის და კაჭარავას კონფლიქტს უკავშირდება და ეს კვლავ ორ სამეგობროს შორის სისხლიანი გარჩევის გაგრძელებაა. კურიერის ცნობით, ადუაშვილი კაჭარავას მეგობარია და კუჭავა კი, სავარაუდოდ, გოგოჭურის.

არსებული ცნობით, ავტომობილის ჩაცხრილვას წინ ჩხუბი უძღოდა, რა დროსაც ადუაშვილი დაიჭრა, შემდეგ კი მან იმ ავტომობილისკენ ისროლა, სადაც კუჭავა იჯდა.

სროლის შემდეგ მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ სხვა მანქანას შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 18-108 და 236-ე, მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები