27 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
სროლა ვერაზე - ერთ-ერთ დაჭრილს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ

თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი გიორგი ადუაშვილი, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

როგორც მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოდან ხვალ გაეწერება.

„გადაყვანილია პალატაში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ არის, ჩვენ გავწერთ ხვალ,“-ამბობს ექიმი.

მეორე დაკავებულის, კოტე ჯორბენაძის წინააღმდეგ კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაიწყო.

სისხლიანი დაპირისპირება ვერაზე გუშინ მოხდა. დაჭრილი ზურაბ კუჭავა და რამდენიმე პირი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ.

არსებული ცნობით, ავტომობილის ჩაცხრილვას წინ ჩხუბი უძღოდა, რა დროსაც ადუაშვილი დაიჭრა, შემდეგ კი მან იმ ავტომობილისკენ ისროლა, სადაც კუჭავა იჯდა.

სროლის შემდეგ მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ სხვა მანქანას შეეჯახა. 

დედაქალაქის ცენტრში მომხდარი ორმხრივი სროლა, შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილის სიძის სამეგობროს კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

 

 

დღის ამბები