28 აპრილი 2024,   12:14
ვრცლად
სოციალურ ქსელში აგორებულ შავ პიარს მესამე სექტორი ხელისუფლებას უკავშირებს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოში უვადოდ გამსამწესებელ მოსამართლეთა სიის კრიტიკის პარალელურად მათ წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს ნეგატიურად აფასებს.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებში ორგანიზებული შეტევის უკან სწორედ ხელისუფლება დგას და ისინი ტროლების მეშვეობით, არასამთავრობოების ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენენ.

ტროლების თავდასხმის ობიექტები ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან, რომლებიც ხელისუფლებას და სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობას ღიად აპროტესტებენ.

პოლიტიკურად სენსიტიურ თემებზე საუბარს უკავშირებს ტროლების გააქტიურებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. მისი შეფასებით, მოსამართლეების საკითხი საკმაოდ მწვავე საკითხია, რადგან მესამე სექტორის წარმომადგენლები გახმაურებულ საქმეებში ჩართულ მოსამართლეებთან დაკავშირებით ღიად საუბრობენ.

„დღეს არის მცდელობა მათი მხრიდან, რომ ჩვენს ნათქვამ სიტყვას არავინ არ ენდოს და დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ჩვენ ვართ უარესები, ვიდრე ჩინჩალაძე და მურუსიძე,“ - ამბობს გიგაური.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ მესამე სექტორზე მასშტაბური შეტევა პირველი არ არის. სალაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში მესამე სექტორის წინააღმდეგ უარყოფითი კამპანია დაიწყო.  

„როცა დროში ემთხვევა ეს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას და პარალელურ რეჟიმში იწყება პროცესი, ყველაზე დიდი ეჭვი, ვისზეც შეიძლება გაჩნდეს, ეს არის ხელისუფლება,“ - განაცხადა სალაძემ.

მესამე სექტორზე მიტანილ იერიშებსა და ხელისუფლების რიტორიკასთან თანხვედრას ხედავს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე. მისი განმარტებით, სოციალურ ქსელში მიმდინარე კამპანიაში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან ჩართული.

„ცხადია, რომ როგორც მინიმუმ, ასეთი მადისკრედიტირებელი კამპანიების წარმოებაში ჩართული არიან ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული პირები. ცინიკურია, როდესაც ხელისუფლება საუბრობს რაღაც Fake ნიუსების თუ შეურაცხყოფის და ბილწსიტყვაობის, როგორც ასევე მოვისმინეთ, რეგულირებაზე დამატებით კანონში,“ - ამბობს ბენიძე.

მოსამართლეთა სიის კრიტიკის პარალელურად, სოციალურ ქსელებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ შავი პიარის კამპანია გააქტიურდა. ტროლების თავდასხმის ობიექტები ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან, რომლებიც ხელისუფლებას და სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობას ღიად აპროტესტებენ.

დღის ამბები