02 მაისი 2024,   13:29
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი შესაძლოა, შეიცვალოს - პრესაში შემცვლელის ვინაობა სახელდება

პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის ცვლილების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან იზორიას იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე შეცვლის. არსებული ცნობით, ტაბატაძე გიორგი გახარიას კადრია.

შავლეგო ტაბატაძე ამბობს, რომ შესაძლო ცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„საიდან მოგაქვთ, პირველად მესმის, რას ამბობთ, არ ვიცი. პირველად მესმის, არ ვიცი,“ - აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ. 

გავრცელებული ცნობით, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნა იგეგმება. პრესა აქტიურად წერს მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებაზე. "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრის პრემიერად დანიშვნაზე უკვე მიღებული აქვს.

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის წევრების მხრიდან განცხადებები გაკეთდა. მინისტრების ნაწილი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციები გუნდის შიგნით არ გამართულა. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ცვლილებების არც მოლოდინი და არც საჭიროება არ არსებობს. ვიცეპრემიერის თქმით, მსგავს კონსულტაციებში მონაწილეობა მას არასდროს მიუღია. 

ცქიტიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება საკადრო გადაადგილებებისშესახებ პრერმიერმინისტრის ცვლილებას არ გულისხმობდა.  

„ვმუშაობთ, ვართ ჩამოყალიბებული გუნდი. მე მგონი, არავითარი არც საჭიროება არ არის ცვლილებების და არც მოლოდინი არ გვაქვს ამ ცვლილებების. ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ იყო პრემიერმინისტრის ცვლილება. საბოლოო ჯამში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ იმაზე, რომ მთლიანობაში პარტიული და ასევე სამთავრობო ვერტიკალები უნდა ყოფილიყო გამართული, უკეთესად უნდა იმუშაოს და ამ ჭრილში ის ცვლილებები, რომელიც ამა თუ იმ უწყებაში მიმდინარეობს ასევე არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ნამდვილად განახლებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არანაირად არ უკავშირდება იმას, რომ ჩვენ მთავრობის ცვლილებას ვგეგმავდეთ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.  

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. მინისტრის თქმით, ამ საკითხზე არანაირი კონსულტაცია არ გამართულა.

„ამის შესახებ არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციის სისწორეს, შესაბამისად, თუ ასეთი თავისთავად გადაწყვეტილებაზე იქნება საუბარი, ეს გახდება ცნობილი, მაგრამ ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ, რომ ნებისმიერ დონეზე ასეთ ინფორმაციაზე ან კონსულტაცია მიმდინარეობს, ან განხილვა ხდება ნებისმიერ დონეზე, ამიტომ ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

დღის ამბები