18 თებერვალი 2019,   09:26
ვრცლად
ბახტაძეს გახარია შეცვლის - მთავრობაში, სავარაუდოდ, რადიკალური ცვლილებები იგეგმება

დაანონსებული ცვლილებების დრო ახლოვდება. კულუარებში სულ უფრო ღიად საუბრობენ, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობას მამუკა ბახტაძისგან მალე გიორგი გახარია გადაიბარებს. მედია უკვე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, სხვადსხვა ჯგუფს შორის "ქართული ოცნების" თავმჯდომარის კარზე ბრძოლა ძალაუფლების გადანაწილებისთვის მიმდინარეობს.

ექსპერტები გიორგი გახარიას გაპრემიერებას ელოდებიან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირებული რადიკალური ცვლილებები, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის გაპრემიერებით დასრულდება. 

უმაღლეს დონეზე სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია აქვს ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანაკოალიციელს, "2020 ნიუსის" დამფუძნებელ ანი მიროტაძეს. მიროტაძე ამბობს, რომ 2018 წლის ივნისში გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა იგეგმებოდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება ერთ ღამეში შეცვალა და მის ნაცვლად, პარლამენტს მამუკა ბახტაძის არჩევა მოსთხოვა.

ანა მიროტაძეს ინფორმაციით, პრემიერთან ერთად სხვა მინისტრებიც შეიცვლებიან, მათ შორის შეიცვლება ვიცეპრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

მინისტრების ნაწილი ამტკიცებს, რომ ისინი მუშაობას განაგრძობენ და პარტიის თავმჯდომარესთან მსგავს კონსულტაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

პრემიერთან ერთად ივანიშვილი, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ძალოვანს უშვებს. „კვირის პალიტრა“ წერს, რომ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე შეცვლის, რომელიც ასევე გიორგი გახარიას კადრია.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ცვლილებები ყველა დონეზე საჭიროა და ის აუცილებლად იქნება.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გიორგი გახარიას მკაცრი ხელი სჭირდება.

 

ავტორი: თამთა ჯიქია, ედიშერ მუშკუდიანი 

დღის ამბები