27 აპრილი 2024,   06:55
ვრცლად
"ხდებოდა პროცესის ხელოვნური დისკრედიტაციის მცდელობა" - მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი პირველ კომენტარი თვითაცილების შემდეგ

თვითაცილების შემდეგ, მოსამართლეების ე.წ. შავი სიის ერთ-ერთი კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს. გაბინაშვილი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, აცხადებს რომ ერთობლივი გადაწყვეტილება 10-მა კანდიდატმა, მათ წინააღმდეგ დაწყებული პროტესტის გამო მიიღო. 

მერაბ გაბინაშვილი აცხადებს, რომ საკითხი თავიდანვე არაჯანსაღი კრიტიკის ქვეშ მოექცა და ის პროცესის დისკრედიტაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს ნაწილს ადანაშაულებს. გაბინაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსებს შორის მმართველი გუნდის წევრებსაც მოიაზრებს. მისი თქმით, ამ ადამიანების ინტერესში სასამართლო სისტემის გაჯანსაღება არ შედის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე შერჩევის ახალი კრიტერიუმების დამტკიცებას ელოდება. 

„ეს პროცესი მაშინვე მოექცა ძალიან არაჯანსაღი აჟიოტაჟის ქვეშ. ხდებოდა ამ პროცესის ხელოვნური დისკრედიტაციის მცდელობა ისეთი პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან,  რომელთა ინტერესში მე ვფიქრობ, ალბათ არ შედის სასამართლოს გაჯანსაღება, გაძლიერება და მისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღება. კრიტიკაც და მკაცრი რეკომენდაციებიც რა თქმა უნდა მისაღებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის არის დასაბუთებული, მასში არის რაციონალური მარცვალი. ის, რაც ხდებოდა ამ პროცესის დაწყებისთანავე, რაც გადაიზარდა პიროვნულ შეურაცხყოფებში, კანდიდატების დისკრედიტაციაში, რომლებიც ამ წარდგენილ ჯგუფში იყვნენ, ამის შეფუთვა საჯარო ინტერესით და „ასეთი კრიტიკა“ და ამის შეფუთვა გამოხატვის თავისუფლებით ძალიან ძნელია,“ – განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

მოსამართლე გაბინაშვილი ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლების მისამართით დაუსაბუთებელი კრიტიკა ისმოდა.

„როდესაც საქმე ეხება სასამართლო ხელისუფლების კრიტიკას და დაუსაბუთებელ კრიტიკას და ჩვენ, სასამართლო ხელისუფლება აღვიქვამთ, რომ ეს არის უარგუმენტო, დაუსაბუთებელი „კრიტიკა“ და რეალურად ეს არის შეურაცხყოფა, დისკრედიტაციის მცდელობა და ა.შ. ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს, გნებავთ მმართველი გუნდისგან, გნებავთ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, ამას მნიშვნელობა არ აქვს,“ - აცხადებს გაბინაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები