03 მაისი 2024,   08:39
ვრცლად
"გირგვლიანის მკვლელები ციხეში ჩავსვი მე" - ლევან მურუსიძე

„სანდრო გირგვლიანი რომ მოკლეს და მკვლელები, რომლებმაც მოკლეს სანდრო გირგვლიანი, ციხეში ჩავსვი მე,“ - ამის შესახებ განცხადება ლევან მურუსიძემ სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა, სადაც სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია იმართება. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრას აპროტესტებენ და მათ უნდობლობას უცხადებენ. სწორედ ამ შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად მივიდა ლევან მურუსიძე.

მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი კაკაბაძემ გირგვლიანის საქმეზე განმარტებების გაკეთება მოსთხოვა. მოსამართლის განცხადებით, მან გირგვლიანის მკვლელები ციხეში ჩასვა, თუმცა მათ სასჯელი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაუნახევრა.

„გირგვლიანის მკვლელები ციხეში ჩავსვი მე. გაუნახევრა სასჯელი სააკაშვილმა და გაუშვეს პირობით ვადამდე, რომლებშიც მე მონაწილეობა საერთოდ არ მიმიღია,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

რაც შეეხება მინიმალურ სასჯელს, ლევან მურუსიძის განცხადებით, ეს მაშინდელი პროკურატურის პასუხისმგებლობაა, რომელმაც მეტი არ მოითხოვა. 

დღის ამბები