26 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
ტერორი და ზეწოლა პანკისის მოსახლეობაზე - ძალოვანების სამიზნე ხეობაში ავტორიტეტის მქონე უხუცესები გახდნენ

ტერორი და ზეწოლა პანკისის მოსახლეობაზე - ძალოვანების სამიზნე ხეობის ის უხუცესები არიან, რომლებიც მოსახლეობაში ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობენ.

სამართალდამცველები განსაკუთრებით დუისში გამართული შეხვედრის შემდეგ გააქტიურდნენ, სადაც ხეობის მოსახლეობამ ჰესების მშენებლობა მწვავედ გააპროტესტა.

პანკისის სახალხო კრების უხუცესი წევრი კაკო გუნეშაშვილი ​ზეწოლის მსხვერპლი პირადად გახდა. გუნეშაშვილი ჰყვება, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებმა პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს და მოსთხოვეს აღარ გაეპროტესტებინა პანკისში გიგანტური ჰესების მშენებლობა.

"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველები ზეწოლას იმ უხუცესებზეც ახდენენ, ვის აზრსაც პანკისელები პატივს სცემენ. მოთხოვნა კი იმ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენაა, რომლებიც ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

მწვავე პროტესტის გამო სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს ხეობის უხუცესი გურამ ბორჩაშვილიც. ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ სამხარეო პოლიციის უფროსს შეხვდა და ეს შეხვედრა პოლიციის განყოფილებაში შედგა.

ორი დღის წინ სოფელ დუისში "პანკისის სახალხო კრების" წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მწვავე პროტესტი გამოთქვეს. ადგილობრივი აქტივისტების განცხადებით შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ უხუცესებზე ზეწოლა დაიწყო.

ადგილობრივებზე განხორციელებულ ზეწოლასა და დაშინების მცდელობის შესახებ ინფორმაცია სოფლის რწუნებულსაც აქვს, თუმცა რაიმე ზომების მიღება საჭიროდ არ ჩათვალა.

ზეწოლის მიუხედავად ადგილობრივი ქისტები ამბობენ, რომ ინვესტორს ჰესების მშენებლობის უფლებას არ მისცემენ. მათი თქმით, ხეობას ფიზიკურად დაიცავენ.

სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზეა საუბარი იმ წერილშიც, რომლსაც პანკისელები ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნიან. ადგილობრივი ქისტები მამუკა ბახტაძეს მიმართავენ და ამბობენ, რომ ზეწოლის მიუხედავად გაჩერებას არ აპირებენ.

პანკისში მიმდინარე პროცესებზე განმარტებებს გახარიას უწყებას სთხოვს მესამე სექტორი. ორგანიზაცია EMC შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები