27 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
"კულტურა იქონიეთ, მეშპილკავებით..." - მმართველი გუნდი მაჩალიკაშვილის საქმეზე, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა

მმართველი გუნდის წევრები არ პასუხობენ შეკითხვას აპირებენ თუ არა დააკმაყოფილონ მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.  

ზაქარია ქუცნაშვილმა ამ შეკითხვაზე თავის არიდება იმ მოტივით სცადა, რომ ის წერილის დასაბუთებას არ იცნობდა. 

„ამ საკითხზე პასუხის გაცემა დამოკიდებული იქნება წერილის დასაბუთებულობაზე. ვთქვათ წერილი რამდენად არის დასაბუთებული,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.  

ჟურნალისტის განმარტებაზე, რომ წერილს დასაბუთება არ ახლავს და შესაბამისად მისგან პირდაპირ პასუხს ელოდა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ის უკულტურო ჟურნალისტებს პასუხს არ გასცემს.

„თქვენი ჟურნალისტური ტექნიკა ამ შემთხვევაში არ იმუშავებს, კულტურა იქონიეთ. მეშპილკავებით, ტერმინების გამოყენება და გაწყვეტინება ეს კულტურის გამოხატულებაა?! მე მიმაჩნია, რომ უკულტუროდ იქცევით. არ ხარ ღირსი შენ პასუხი გაგცე. უკულტურო ჟურნალისტებს პასუხი არ უნდა გასცე,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კითხვამ გააღიზიანა მამუკა მდინარაძეც. მან არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტს  თან ჰქონდა ტელეფონით გადაღებული ფოტო წერილის, რომლითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

„როდესაც ტელეფონს ამოიღებთ და მაკითხებით ჩვეულ თუ უჩვეულო სტილში და მაკითხებით რაღაცას და ახლა დროზე ამაზე პასუხი გამეცი... როცა მაჩვენებთ წერილს იმაზე შიძლება ბევრი ნიუანსია , რომელზეც შეიძლება კამერის წინაშე არ შეიძლებოდეს ლაპარაკი. ვერ ილაპარაკო პოლიტიკოსმა. ამაზე ასე პასუხი არ შეიძლება . დამაზიანებელია,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს დღეს მიმართა. მის წერილში ის დეპუტატებს მიმართავს და სთხოვს განაცხადონ არიან თუ არა თანახმა ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნის. 

დღის ამბები