27 აპრილი 2024,   01:50
ვრცლად
ფსიქიური პრობლემების მქონე მამაკაცმა საკუთარი ძმისშვილი მოკლა

14 წლის ბავშვს სასიკვდილო ჭრილობები საკუთარმა ბიძამ მიაყენა. შემთხვევა რუსთავის მე-8 მიკრორაიონში, დილის ათი საათისთვის მოხდა. მეზობლები ყვებიან, რომ 29 წლის ვალერი ირემაძემ მამა სახლიდან გააგდო და კარი ჩაკეტა. მამამ დახმარებისთვის მეზობლებს მიმართა, გამოიძახეს საპატრულო პოლიციაც. ფანჯრიდან გადმომდგარი 29 წლის მამაკაცი კი იმუქრებოდა და არაადეკვატური იყო მისი საუბრის შინაარსი. როცა სახლის კარი შეამტვრიეს, სამართალდამცველებსა და მეზობლებს 13 წლის გოგიტა ირემაძე აბაზანაში გარდაცვლილი დახვდათ. 

მეზობლები ყვებიან, რომ ეჭვმიტანილმა სახლში გუშინ საღამოს იჩხუბა და აგრესიულად იქცეოდა. მეზობლები ოჯახში კონფლიქტის სხვა შემთხვევებს ვერ იხსენებენ. 

ბრალდებულის მეგობრები ყვებიან, რომ ვალერი ირემაძე რუსთავის კლინიკაში გუშინვე გადაიყვანეს, თუმცა იქიდან თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გააგზავნეს. ახალგაზრდები ამტკიცებენ, რომ ფსიქიატრიულში არასაკმარისი ადგილების გამო, პაციენტი გვერდით მდებარე ნარკოლოგიურ საავადმყოფოში შეიყვანეს, სადაც 3000 ლარის წინასწარ გადახდა მოსთხოვეს. ეს თანხა კი ახლობლებს არ ჰქონდათ, ამიტომ ახალგაზრდა მამაკაცი უკან წაიყვანეს.

ბრალდებებს უარყოფენ ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ განყოფილებებში. ექიმები ამბობენ, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის პაციენტს საერთოდ არ მიუმართავს. ნარკოლოგიურ განყოფილებაში ადასტურებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა არაადეკვატური იყო, თუმცა ფსიქოზის ნიშნები მას ვერ დაუდგინეს. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მამაკაცს დარჩენის სურვილი არ ჰქონდა და მისი იძულება ექიმებს არ შეეძლოთ. სამედიცინო დაწესებულებაში ასევე უარყოფენ რომ პაციენტს 3000 ლარი წინასწარ მოსთხოვეს.

29 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები