27 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
"როგორ გადავარჩინოთ სასამართლო სისტემა" - არასამთავრობოების ორგანიზებით ფართო დისკუსია მიმდინარეობს 

ხარვეზები სასამართლო სისტემაში - არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების პოვნის მიზნით სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით ფართო დისკუსია იმართება.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, აუცილებელია იუსტიციის საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობის განახლება და სისტემისგან იმ მოსამართლეების ჩამოშორება, რომლებიც სწორედ კლანურ მმართველობასთან ასოცირდებიან.

საბჭოს წევრების შეცვლაში ხედავს გამოსავალს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული. მისი განმარტებით, მოსამართლეთა შეცვლა აუცილებელია, რადგან დღევანდელი მართლმსაჯულება უსამართლო სისტემასთან ასოცირდება.

„საბჭოს განახლების გარეშე არ არსებობს რესურსი და შანსი სასამართლოს გადარჩენის და განვითარების, ასევე ის ადამიანები, რომლებიც დღეს სასამართლოს დაცვის სახელით გველაპარაკებიან, კლანის ლიდერები, მათ პირობებში ასევე ღირსეულ მოსამართლეებს არ მიეცემათ საშუალება, რომ სასამართლოს უკეთესი სახე შეუქმნან ამ ქვეყანაში, ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ მათ შორის ამ მოსამართლეებს შანსი, რომ ისინი ჩანდნენ სასამართლოს სახელით და არა ის კლანის ლიდერები, რომლებიც ამ საზოგადოების თვალში, ამ ქვეყნის თვალში ასოცირდებიან უსამართლო მართლმსაჯულებასთან,“ - აცხადებს სოფო ვერძეული.

სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაურიც. მისი თქმით, არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით ყველა უნდა გაერთიანდეს.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ის საკითხი, რომელმაც ჩვენ გაგვაერთიანა იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მოსაზრებებისა სასამართლო სისტემა უნდა აინტერესებდეს ყველას და დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიმსჯელებთ იმაზე თუ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ სასამართლო სისტემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პროცესები, რაც ვითარდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, ცხადყოფს, რომ ძალიან დიდი კრიზისი გვაქვს სასამართლოში. ასეთი პრობლემა, რომ გვაქვს ამ სექტორში ცხადია, რომ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ვერც საინვესტიციო გარემოზე, ვერც დემოკრატიის მაღალ ხარისხზე,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღევანდელ შეხვედრას ესწრება ადვოკატი, კახა კოჟორიძეც. მისი თქმით, სასამართლოს დღეს კლანი მართავს, რომელსაც პოლიტიკოსებიც უმაგრებენ ზურგს, რაც მისთვის მიუღებელია.

„მოსამართლე შეიძლება იყოს უსამართლო, თურმე ეს შესაძლებელია და ეს ნორმალურია, ასევე ის, რომ თურმე მასობრივად უსამართლობის ჩამდენი, მასობრივად ცუდი რაღაცეების ჩამდენი ადამიანი შეიძლება იყოს მსხვერპლი, რეჟიმის მსხვერპლი. ეს არის ის მესიჯები, რომელზეც დგას ეს კლანი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები,“ - აცხადებს კახა კოჟორიძე.

დღის ამბები