06 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
დავჯდები მთავრობის ადმინისტრაციის წინ და ვიშიმშილებ - ზაალ ლატარიას დედა საპროტესტო აქციის დაწყებას აპირებს

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

ზაალ ლატარია, რომელსაც გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვას და გავრცელებას ედავება, ზუგდიდიდან თბილისში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადმოიყვანეს.

თავად დაკავებულიც და მისი ოჯახის წევრების ამ ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ.  

„არჩევნების წინ მამაჩემს მოუგზავნეს კაცი, უთხრეს რომ გაჩუმდი, არსად წახვიდეო, მაგრამ მამაჩემი არ შეუშინდა იდგა ერთ პოზიციაზე და შედეგიც მივიღეთ. "ფეიკ" გვერდი გააკეთეს ფეისბუქზე გაუგზავნეს მამაჩემს, მამაჩემმა გახსნა ეს ვიდეო აინტერესებდა რა იყო და შემდეგ წაშალა,“-ამბობს ზაალ ლატარიას შვილი ლანა ლატარია.

ზაალ ლატარიას ძმა ამბობს, რომ პოლიტიკური აქტივობის გამო, მის ძმას ხშირად ემუქრებოდნენ და გაჩერებას ურჩევდნენ. მისი თქმით, ზაალ ლატარიას დაკავების მიზეზი სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტის მცდელობაა.

ზაალ ლატარიას დედა შვილის პატიმრობაში დატოვების შემთხვევაში მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობის დაწყებას აპირებს.

„პოლიტიკურ დევნას ვუკავშირებ, ჩავალ თბილისში დავჯდები და ვიშიმშილებ იქ მთავრობის წინაშე. რა დააშავა ჩემმა შვილმა? 16 წლის ბავშვი წავიდა აფხაზეთში საბრძოლველად. სწავლობდა, დატოვა და ისე წავიდა. საქართველოსთვის თავი გაწირა. რა დააშავა?- ტერორისტების სახლში არ მომხდარა გუშინ აქ ისეთი ამბავი იყო,“-ამბობს ლატარიას დედა ინეზა ლატარია.

ზაალ ლატარიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ამბობს,რომ კადრები არ გაუვრცელებია. თვლის, რომ ამ ვიდეო-მასალის მისთვის  გამოგზავნა პროვოკაცია იყო. 

დღის ამბები