27 აპრილი 2024,   03:13
ვრცლად
„ხელისუფლების და საპატრიარქოს ერთობლივი ტყვეა“ - ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ 

„ხელისუფლების და საპატრიარქოს ერთობლივი ტყვეა,“ - ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ გააკეთა.

ნიკა გვარამია დღეს საპატრიარქოსთან იმყოფებოდა, სადაც დაკავებული დეკანოზის ოჯაცხის წევრები 13 დღეა, საპროტესტო აქციას მართავენ. 

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, დეკანოზი უკანონო ტყვეობაში იმყოფება და მისი დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 

„ის არის ტყვეობაში ამ ქვეყნის ორი ყველზე გავლენიანი ინსტიტუციის - ხელისუფლების და საპატრიარქოს ერთობლივი ტყვეა. არათუ დანაშაული არ ჩაუდენია დეკანოზ მამალაძეს, საერთოდ დანაშაულის ფაქტი არ არსებობს. შესაბამისად, აბსოლუტურად გაურკვეველია, რისთვის იხდის ეს ადამიანი სასჯელს და უკვე ვთქვი, რომ ეს არ არის სასჯელი, ეს არის ტყვეობა. ამიტომ არ ვიხილავთ ჩვენ დღეს აქ, როგორი მღვდელი იყო დეკანოზი მამალაძე, როგორი მორალური პერსონა იყო თუ არ იყო, ეს ჩემთვის საერთოდ უცნობია და ჩემს კომპეტენციასაც სცდება. ჩვენ დღეს ვიხილავთ მის სამოქალაქო პატიმრობას, რამდენად დასაბუთებულია და სამართლებრივია. არ არის არც დასაბუთებული, არც სამართლებრივი, არის უკანონო და, თუ რაიმე საეკლესიო სანქციაზე უნდა ვინმეს საუბარი, ეს საეკლესიო სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება და ჩვენ საერო პირები ამაზე ვერ ვიმსჯელებთ. ამიტომ, ვიდრე სამოქალაქო პირი - გიორგი მამალაძე, არის უკანონო პატიმრობაში, მანამდე იქნება აქციები, იქნება პროტესტი და იქნება სამართლიანი პროტესტი. რატომ არის ეს პროტესტი საპატრიარქოსთან, იმიტომ, რომ საპატრიარქო თანაბრად არის სახელმწიფოსთან ერთად ჩარეული ამ სამარცხვინო საქმეში. ამიტომ, კეთილი ინებოს და გამოასწოროს ეს საქმე თავისივე ინიციატივით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული დეკანოზი 2 დღის წინ ინსულტის ნიშნებით ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები