03 მაისი 2024,   10:16
ვრცლად
"შესაძლოა, ბავშვებს დაუზიანოს ფსიქიკა" - ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფო" ხატია ახალაიას გაკვეთილების წინააღმდეგ გამოდის

ორგანიზაცია ერი და სახელმწიფოს ხელმძღვანელი სკოლებში სექსუალური შინაარსის გაკვეთილების შეტანის წინააღმდეგ გამოდის.

ზვიად ტომარაძე ამბობს, რომ შესაძლოა, გარკვეულწილად უფროს კლასებში დასაშვები იყოს მსგავსი შინაარსის გაკვეთილები, თუმცა, არა იმ ფორმით, რასაც ხატია ახალაიას აკეთებს.

„თუ სწავლების მიზანი არის აბორტების რიცხვის შემცირება, თუ სწავლების მიზანი არის ნაადრევი ფეხმძიმობის პრევენცია და ზოგადად, ცნობიერების ამაღლება და ეს მოხდება საზოგადოების ფართო წრის ჩართულობით, ფსიქოლოგების, ეკლესიის ჩართულობით, შესაძლოა, სწავლება დაშვებული იქნას მაღალ კლასებში,“ - განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

ზვიად ტომარაძე ამბობს, რომ ხატია ახალაიას გადასაწყვეტი არ არის, რა სახის სექსუალურ განათლებას მიიღებენ ბავშვები სკოლებში. ის თვლის, რომ ხატია ახალაია ბავშვებს ფსიქიკას უზიანებს.

„შესაძლოა, მისმა განათლებამ ბავშვებს დაუზიანოს ფსიქიკა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს, თუ როდის მიაწვდი ამ ინფორმაციას,“ - განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სექსუალური განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილების ავტორი, ხატია ახალაია, უკვე რამდენიმე დღეა, მუქარის მსხვერპლია. მას გაუპატიურებით ემუქრებიან. 

ზვიად ტომარაძის განცხადებას, რომ შესაძლოა, ბავშვებს ფსიქიკა დაუზიანდეთ, ხატია ახალაია გამოეხმაურა. ის დაინტერესდა, როგორ უნდა დაუზიანდეს ბავშვებს ფსიქიკა მაშინ, როდესაც მათ აქვთ უამრავი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხების მიღების საშუალება აქვთ.

„თუ შეიძლება, ჩვენ ვასწავლოთ ბავშვებს ხელის და თვალის ფუნქცია, რატომ არ შეიძლება, ვასწავლოთ იგივე მკერდის, კლიტორის, ანალური ხვრელის ფუნქციები,“ - განაცხადა ხატია ახალაიამ.

ზვიად ტომარაძე კი თვლის, რომ სკოლებში ისედაც ისწავლება ანატომია.

"თქვენ აღქმის პრობლემაც ხომ არ გაქვთ? ყურადღებით რომ არ მისმენთ, ხომ ცხადია," - მიმართა ხატია ახალაიას ზვიად ტომარაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები